2022 წლის ტრენდი ინტერიერის დიზაინში

2022 წლის ტრენდი ინტერიერის დიზაინში

14.07.2022

იზოლაციაში გატარებულმა წლებმა გვასწავლა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორაა მოწყობილი ჩვენი სახლი. ინტერიერის დიზაინი დიდი ხანია აღარაა მხოლოდ ფერებისა და ფორმების მოხდენილი კომბინაცია. ესთეტიკასთან ერთად აუცილებლადაა გასათვალისწინებელი პრაქტიკულობა და კომფორტი.

ამ ბლოგპოსტში 2022 წლის ინტერიერის დიზაინის ტრენდებს მიმოვიხილავთ და შევეცდებით, რამდენიმე განსაკუთრებული და გამორჩეული სტილი გაგაცნოთ.

ვინტაჟი

ვინტაჟი

როგორც დიზაინერები ვარაუდობენ, ვინტაჟური სტილი განსაკუთრებულად პოპულარული იქნება 2022 წლის ინტერიერის დიზაინში. ეს არჩევანი გარდა იმისა, რომ ეკომეგობრულია, ერთგვარი გზაცაა ინდივიდუალიზმისა და საკუთარი თავის გამოხატვისაკენ. ასევე, უნდა ითქვას, რომ ძველი ნივთების რესტავრაცია საკმაოდ ბიუჯეტური მეთოდია, რომელიც ფინანსების გონივრულად განაწილებაშიც დაგვეხმარება.

 

ბიოფილური დიზაინი

ბიოფილური დიზაინი

ბუნების მონატრება ინტერიერის დიზაინშიც აისახება. სავარაუდოა, რომ წელს ხის ფაქტურა იქნება ტრენდული, ამასთანავე, შევნიშნავთ ყავისფერ და მწვანე ფერებს, რაც დიზაინში სიმშვიდეს, სიმყუდროვესა და ბუნებრივ ატმოსფეროს შემოიტანს. ბუნებრივი სინათლე ეფექტურად ამსუბუქებს სტრესს, შესაბამისად, ფართო ფანჯრები და მაღალი ჭერი კვლავ აქტუალურია.

 

მულტიფუნქციური დიზაინი

 

მულტიფუნქციური დიზაინი

წელს უპირატესობა მრავალფუნქციურ სივრცეს მიენიჭება. როგორც გამოვცადეთ, სრულიად შესაძლებელია, რომ საყვარელი საქმე საკუთარ სახლშიც აკეთო, ამიტომაც სივრცის მოდიფიკაცია საკმაოდ საინტერესო მეთოდია. სასადილო, მოსასვენებელი და სამუშაო სივრცის კომბინაცია შესაძლოა სულაც არ ჟღერს კომფორტულად, თუმცა ინტერიერის დიზაინერის საქმე სწორედ მსგავსი ტიპის გამოწვევებითაა სავსე.

 

მრუდე ხაზები

მრუდე ხაზები

გამომდინარე იქიდან, რომ მკვეთრი კუთხეები და სწორი ხაზები ნაკლებად დამამშვიდებელი აურის მატარებელია, ავეჯში, პატერნებსა და არქიტექტურაში კუთხოვანი ფორმები რბილი, ნაზი, თაღოვანი და მომრგვალებული დეტალებით ჩანაცვლდება. ეს ფაქტორიც მეტწილად პანდემიური რეალობითაა განპირობებული.

ეკოლოგიური მდგრადობა

ეკოლოგიური მდგრადობა

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეკოლოგია მოსახლეობისათვის კვლავ აქტუალური საკითხია. შესაბამისად, 2022 წელს განსაკუთრებით პოპულარული იქნება ინტერიერის დიზაინში ისეთი ინოვაციური სისტემების დანერგვა, რომელიც ეფექტურად შეამცირებს ენერგიისა და წყლის მოხმარებას. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ეკოლოგიური მდგრადობა, როგორც სტილი არ მოიაზრებს დიზაინის დათმობას ეკომეგობრულობის ხარჯზე, პირიქით, ამ წელს თამამ, ფერად და მომხიბვლელ ვიზუალებს ვიხილავთ.

როგორც ვხედავთ, ინტერიერის დიზაინი გარე სამყაროსთან ერთად იცვლება და სწორედ იმ რეალობას ირეკლავს, რაშიც კონკრეტულ მომენტში ვიმყოფებით. ინტერიერის დიზაინერის ამოცანაა, არ ჩამორჩეს ტრენდს, შექმნას საჭიროებებზე მორგებული, კომოფორტული დიზაინი და დააკმაყოფილოს დამკვეთის სურვილები.

თუ ეს სფერო შენც გაინტერესებს და სიღრმისეულად სწავლა გინდა, ჩვენს ინტერიერის დიზაინის კურსს გადახედე.