7 TIKTOK ექაუნთი დიზაინერებისა და ფოტოგრაფებისათვის

7 TIKTOK ექაუნთი დიზაინერებისა და ფოტოგრაფებისათვის

13.07.2022

TikTok-ი პლატფორმაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, საკუთარ ანგარიშზე, ნებისმიერ თემაზე შექმნილი, მოკლემეტრაჟიანი ვიდეოები განვათავსოთ. თუკი, თავდაპირველად, TikTok-ის მომხმარებლები, მეტწილად, Gen Z-ს თაობის წარმომადგენლები იყვნენ, ახლა ამ სივრცეში სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანს შევხვდებით. 

ბოლო მონაცემებით, TikTok-ის აპლიკაცია 150-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი და ერთ მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. აპლიკაციის ასეთი პოპულარობა, ალბათ, იმითაცაა განპირობებული, რომ გასართობი ვიდეოების გარდა, აქ შემეცნებით კონტენტსაც ადვილად იპოვი.

ამ ბლოგპოსტში რამდენიმე საინტერესო TikTok მომხმარებელს გაგაცნობთ, რომელთა კონტენტიც, ვფიქრობთ, შენთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება. მანამდე კი, თუ Adobe Photoshop-ისა და Illustrator-ის გამოსაყენებლად პაწაწინა რჩევები გჭირდება, გირჩევთ, რომ ჩვენი TikTok-ი გამოიწერო – Smart Fish.

1.The Futur

The Futur

The Futur-ის თემატიკა კომუნიკაციები, კონტენტ მარკეტინგი, დიზაინი და ფრილანს ბიზნესის მენეჯმენტია. ეს ადამიანები დაგეხმარებიან, იპოვო პრობლემების სწრაფად გადაჭრის გზები, შექმნა შთამბეჭდავი პორტფოლიო, ნაყოფიერად ითანამშრომლო კლიენტთან და სწორად შეაფასო საკუთარი პროდუქტი. მოკლე ვიდეოებში ჩატეული გამოცდილება და პროფესიონალიზმი აუცილებლად დაგეხმარება, რომ საინტერესო კითხვებზე საჭირო პასუხები მიიღო.

2.munopiaportraits

munopiaportraits

Munopiaportraits აუცილებლად გახდება შენი ერთ-ერთი საყვარელი TikTok პროფილი, თუკი ფოტოგრაფია გაინტერესებს. აქ გაიგებ, როგორ შეარჩიო ლოკაცია კონკრეტული ტიპის ფოტოების გადასაღებად, როგორ გადაიღო არაჩვეულებრივი ფოტოები ნებისმიერ ამინდში და როგორ იმუშაო ჩრდილებსა და განათებაზე. მნიშვნელობა არ აქვს, რას იღებ – კოსმეტიკას, ტანსაცმელს თუ ადამიანებს – აქ აუცილებლად იპოვი საჭირო ინფორმაციას. რაც ყველაზე საინტერესოა, აქვე გაიგებ, სად შეგიძლია საკუთარი ფოტოების გამოქვეყნება და გაყიდვა. ერთი სიტყვით, აქ იპოვი ინსპირაციას, არაერთ რჩევასა და მომხიბლავ კონტენტს.

3. Jobsxdesign

Jobsxdesign

Jobsxdesign-ის კონტენტის თემა ცნობილი ბრენდების დიზაინის კრიტიკაა. მნიშვნელობა არ აქვს, Dunkin’ Donuts-ია, Amazon-ი თუ Coca-Cola, ნებისმიერ შემთხვევაში მიუთითებენ ბრენდს დიზაინის უარყოფით და დადებით მხარეებზე.  ექსპერტები გვაწვდიან აურაცხელ ინფორმაციას გასული საუკუნის საუკეთესო დიზაინის ნიმუშების და ჩვენთვის უცნობი ფაქტების შესახებ. განსაკუთრებით საინტერესოდაა დანახული სხვადასხვა ბრენდის ლოგო და შინაარსი.

4.lettersandlettering

lettersandlettering

მიუხედავად იმისა, რომ LettersandLettering-ი განსაკუთრებით სასარგებლო და საინტერესო პროფილია კოლორისტების, ლოგოს დიზაინერებისა და კალიგრაფებისათვის, ვფიქრობთ, ნებისმიერი ადამიანისათვის სასიამოვნო იქნება ამ ფერადი ვიდეოების სქროლვა. აქ ნახავ კალიგრაფიის გაკვეთილებს, გაეცნობი კალმისა და მელნის ხელოვნების როგორც ძველ, ასევე თანამედროვე მეთოდებს. ფერების მრავალფეროვანი პალიტრა და ფუნჯების ნაირსახეობა კალიგრაფიის ახალ და საინტერესო სამყაროს აღმოგაჩენინებს.

5.zachking

5.zachking

როცა გამორჩეულად კარგ კონტენტზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია Zach King-ზე არ შევჩერდეთ. მისი მაგიური ვიდეოები რამდენადაც გასაოცარი, იმდენად ძალიან საინტერესოა. რაც მთავარია, ამ გვერდზე უშუალოდ კონტენტის შექმნის ტუტორიალსაც იპოვი. გადაღებისა და მონტაჟის მოქნილი ტექნიკა აუცილებლად დაგეხმარება, იპოვო საჭირო ინსპირაცია და მეთოდი სასურველი ვიდეოს გადასაღებად.

6.Arimura Taishi

Arimura Taishi

Arimura Taishi იაპონელი გრაფიკოს დიზაინერია, რომელმაც “კოსმოსური ზაზუნების” კვარტეტი შექმნა. მის TikTok-ზე სწორედ ამ ლურჯ, გამოგონილ პერსონაჟებს შეხვდები, რომლებიც სხვადასხვა ცნობილი სიმღერის ფონზე საყვარელ და სასაცილო მოძრაობებს ასრულებენ. ეს ვიდეოები განსაკუთრებულად მოგეწონება, თუ Motion Design-ით ხარ დაინტერესებული. 

7.pinkponycreative

pinkponycreative

Pinkponycreative-ის TikTok-ი გრაფიკული და ბრენდის დიზაინის შესახებ გვიყვება. კომპანიის დამფუძნებელი კრისტი კემპბელი გაგიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, ცოდნასა და საჭირო რჩევებს. მოკლე ტუტორიალები აუცილებლად დაგეხმარება, გახდე უფრო პროფესიონალი და სწორად გაიაზრო, ერთი შეხედვით, უბრალო დეტალების მნიშვნელობა.

როგორც ხედავ, TikTok-ის პლატფორმა მრავალფეროვან კონტენტს გთავაზობს. მოძებნე, იპოვე და გამოიწერე საინტერესო ადამიანები, რომლებიც პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში შეგიწყობენ ხელს. იმედია, ამაში ჩვენი ბლოგპოსტიც დაგეხმარება.