ბლოგის ქავერი

როგორ შევარჩიოთ ფერები ინტერიერში

09.10.2023

ინტერიერში ფერების შერჩევა ერთგვარი გამოწვევა და ზოგჯერ თავსატეხია ხოლმე. აბა, როგორია, ფერთა პალიტრიდან სწორედ ის რამდენიმე გამოარჩიო, რომელიც შენს სახლს სასურველ განწყობასა და ხასიათს შესძენს?!

ასეთ დროს, შესაძლოა, არასწორი გადაწყვეტილებაც მიიღო და შედეგით დიდად ვერ აღფრთოვანდე. არადა, სწორად შერჩეული ინტერიერი მნიშვნელოვნად მოქმედებს შენს კომფორტსა და განწყობაზე. 

ამ ბლოგპოსტში მოგიყვებით, როგორ უნდა შეუხამო ფერები ერთმანეთს და რა უნდა გაითვალისწინო იდეალური ინტერიერის შესაქმნელად.

გაიცანი ფერთა კატეგორიები

პალიტრაში სულ სამი კატეგორია გვაქვს - ძირითადი, მეორეხარისხოვანი და შუალედური ფერები. ძირითადი ფერებია მწვანე, ყვითელი და ლურჯი. მეორეხარისხოვანი ფერები ძირითადი ფერების შერევით მიიღება. მაგალითად, ლურჯისა და ყვითლის კომბინაციით ვიღებთ მწვანეს, წითლისა და ყვითლის შერევით - სტაფილოსფერს, ლურჯისა და წითლის შერევით კი - იასამნისფერს. შუალედური ფერები ძირითადი და მეორეხარისხოვანი ფერების ნაზავია. 

გამოიყენე ფერთა წრე/ბორბალი

ფერების წრე 12 ნაწილად იყოფა. წრის თითოეულ ფერს, დამატებით, უამრავი ტონი და ელფერი აქვს. ამ ბორბლის მიხედვით სამი ძირითადი სქემა გამოიყოფა: მონოქრომატული, ანალოგური და ტრიადული. 

მონოქრომატული სქემის მისაღებად ვირჩევთ ერთ ფერს, თავისივე ელფერით, რომელიც თეთრის, შავის ან რუხის დამატებით მიიღება. ფერთა მონოქრომატული შეხამება შეიძლება იყოს როგორც თბილი, ასევე ცივი. 

ანალოგური სქემა აერთიანებს ფერებს, რომელიც წრეზე ერთმანეთის გვერდითაა მოთავსებული. ასეთ დროს ერთი კონცენტრირებული ფერია, დანარჩენი კი დამხმარე. მაგალითად, შეგვიძლია შევარჩიოთ ლურჯი, მომწვანო-მოლურჯო და მწვანე.

ტრიადულ სქემას მიიღებ, თუ ფერების ბორბალზე სამკუთხედს დახატავ. ამგვარად შექმნი კონტრასტულ პალიტრას, სადაც ფერები იდეალურად წარმოაჩენენ ერთმანეთს.

გაანაწილე ფერები პროპორციულად

ცხადია, ფერების განაწილება შენი გემოვნების მიხედვით შეგიძლია, თუმცა ინტერიერის დიზაინში ოქროს წესებიც არსებობს. ფერების განაწილების კლასიკური წესია, რომ ოთახში პალიტრა 60/30/10 პროპორციით უნდა შეიქმნას. ეს ნიშნავს, რომ შენი შერჩეული მთავარი ფერი სივრცის 60%-ს უნდა წარმოადგენდეს, 30% მეორეხარისხოვანი ფერია, ხოლო 10% - აქცენტირებული (კონტრასტული). 

ეს პროპორცია მხოლოდ კედლების ფერს არ გულისხმობს. პროცენტულობაში შეგიძლია ავეჯი, აქსესუარები და დეკორაციაც გაითვალისწინო. 

მოუსმინე საკუთარ თავს

ფერებს ემოციური დატვირთვაც აქვს. სანამ არჩევანს გააკეთებ, დაფიქრდი, რომელი ფერი რა განწყობას გიქმნის. აუცილებელი არაა, რომ ყველა ოთახს ერთნაირი ინტერიერი ჰქონდეს. მაგალითად, თუ სამუშაო სივრცეს აწყობ, აქცენტი ინსპირაციულ ფერებზე გააკეთე. თუ მისაღებ სივრცეს აწყობ, ისეთი ფერები გამოიყენე, რომელიც განსაკუთრებულად გიყვარს და გამშვიდებს. 

გაითვალისწინე, რომ ფერი სივრცის აღქმას ცვლის

ნათელი ფერები სივრცეს უფრო ადიდებს, მუქი ფერები კი, პირიქით, აპატარავებს. ეს მიდგომა ჭერის შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია. თუკი გინდა, რომ ოთახი მეტად ჰაეროვანი და მაღალი ჩანდეს, ჭერი ღია საღებავით უნდა შეღებო. იმ შემთხვევაში, თუკი სივრცე პატარაა, შეგიძლია კედლის ფერი ჭერზეც გადაიტანო. ასეთ ხრიკს ინტერიერის დიზაინერები მიმართავენ პატარა აბაზანისა და სამზარეულოს შემთხვევაში. 

ყურადღება მიაქციე განათებას

სხვადასხვა ტიპის განათება, მაგალითად, ბუნებრივი, ფუნქციური, აქცენტური თუ გარემომცველი, სხვადასხვაგვარად წარმოაჩენს სივრცეს და მნიშვნელოვნად ცვლის ფერებს ინტერიერში. განათებას შეუძლია გაზარდოს, გამოკვეთოს ან დამალოს კონკრეტული დეტალები. ცივი და თბილი ნათება ფერებსაც სხვადასხვა ელფერით წარმოაჩენს. 

როგორც ხედავ, ფერების შერჩევის პროცესი მარტივი არაა, მაგრამ საქმის გასაადვილებლად ბევრი მექანიზმი არსებობს. თუ გაინტერესებს, რომელი პლატფორმები დაგეხმარება ფერთან მუშაობაში, თვალი ჩვენს ამ ბლოგპოსტსაც გადაავლე. 

თუ ინტერიერის დიზაინის შესწავლა გსურს, შეათვალიერე ჩვენი კურსი