
ინტერიერის დიზაინი ფილმებში – როგორ იქმნება დაუვიწყარი ატმოსფერო კინოს სამყაროში
კინო სამყაროში, სასიამოვნო ატმოსფეროს შესაქმნელად და მაყურებელში დამატებითი ემოციების გასაღვიძებლად რეჟისორს მრავალი დეტალის გათვალისწინება უწევს. ამისთვის ინტერიერის დიზაინს მნიშვნელოვანი როლი აქვს.
გახსენდება ვეს ანდერსონის სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის სცენები, მისი კაშკაშა, ცოცხალი და უნიკალური დიზაინის გამო?
ამ ბლოგპოსტში სწორედ ფილმებში ინტერიერის დიზაინის როლზე ვისაუბრებთ.
ინტერიერის მნიშვნელობა კინოში
ინტერიერი არ არის უბრალო ფონი ის ხშირად კინოსამყაროში ატმოსფეროს ქმნის, ატმოსფერო კი ფილმებში, ამბის თხრობას ამარტივებს, ასახავს პერსონაჟების ძირითად პიროვნულ თვისებებს, და მაყურებელს ემოციებს უღვიძებს. მაგალითად, ბნელი ოთახი გაცრეცილი ავეჯით სასოწარკვეთას და სევდას იწვევს. ნათელი ფერები თანამედროვე არქიტექტურით - ცოცხალ და ოპტიმისტურ ატმოსფეროს ქმნის.
დიზაინი ფილმებში გმირების სამყაროს, ხასიათს ქმნის. ინტერიერში დეკორაცია პერსონაჟის პიროვნულობას, გემოვნებასა და სოციალურ-ეკონო მიკურ სტატუსს გამოხატავს.
პერსონაჟის განვითარებაში გადამწყვეტი როლი პირადი ნივთების შერჩევას აქვს. ნამუშევრების, ფოტოების ან წიგნების არჩევანი ინტერიერში, უმეტესად პერსონაჟის ინტერესებზე, მისწრაფებებზე, ან თუნდაც, საიდუმლოზე მიგვანიშნებს ხოლმე. ეს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალები მაყურებელში ცნობისმოყვარეობას აღძრავს. ზოგჯერ ისინი პერსონაჟებთან აიგივებენ თავს და ფილმების სიუჟეტში მეტად არიან ჩართულები.
ცნობილი ფილმების ინტერიერები
The Grand Budapest Hotel
უეს ანდერსონის სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი ვიზუალური ხელოვნების ნიმუშადაა აღიარებული, სადაც სიმეტრია და ფერები ინტერიერის დიზაინში, მჭდროდაა გადაჯაჭვული სიუჟეტთან. სიმეტრია ფილმში გამოხატავს პერსონაჟების სწრაფვას წესრიგისა და სტაბილურობისკენ არეულ სამყაროში.
ფილმის ფერადი პალიტრა და ინტერიერი კი კონკრეტულ ეპოქასა და განწყობას უსვამს ხაზს. მკვეთრი ვარდისფერი სასტუმრო, მდიდრული დარბაზები და დეტალურად გაწერილი დკეორაციები არა მხოლოდ ესთეტიკურადაა სასიამოვნო სანახავი, არამედ სიურეალისტურ ატმოსფეროს ქმნის, სადაც ყოველდღიურობა რეალობასაა მოწყვეტილი.
Her
სპაიკ ჯონსის “Her” გვიჩვენებს მომავალს, რომელიც მშვიდი და მოწესრიგებულია. ფილმში დიზაინი - ინტერიერი, ფერები, ტანისამოსი - მინიმალისტურია და მაყურებლის დიდ ყურადღებას არ იქცევს. სწორედ ამ სიმარტივით ძლიერდება ფილმის ემოციური ნაწილი - ადამიანური ურთიერთობები და მარტოობის განცდა. ფილმში დიზაინი ქმნის მშვიდ სივრცეს, სადაც ადამიანი და მისი განცდები ბუნებრივად ერყწმის ყოველდღიურ ცხოვრებას.
Friends
სერიალის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი გარემოა, რომელიც მაყურებლისთვის თბილ, მყუდრო სივრცედ იქცა. მეგობრების საყვარელ ადგილებს განსაკუთრებულობას მარტივი და კონფორტული ინტერიერი ანიჭებს. სერიალში გამოყენებული სივრცითი ელემენტები, როგორიცაა რბილი განათება და მუქი, სასიამოვნო ფერები, ქმნის ატმოსფეროს, სადაც მეგობრებთან ერთად ყოფნა ბუნებრივი და კონფორტულია.
Severance
Severance-ში ინტერიერის დიზაინი მკაფიოდ გამოყოფს სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის საზღვრებს. ოფისის სტერილური, გეომეტრიულად მკაცრი გარემო უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს, რაც გამიზნულად ამძაფრებს სერიალის თემატიკას. თანამშრომლებისთვის შექმნილი სივრცეები თითქოს ფუნქციურია, მაგრამ მოკლებულია სითბოსა და ინდივიდუალობას. ოფისში ყველა ოთახი თეთრია, განათება ცივ ტონალობაშია და ბუნებრივი შუქი თითქმის არ არსებობს — ეს მინიმალიზმი კონტროლის იდეას ამძაფრებს.
Parasite
Parasite-ში არქიტექტურა დიდ როლს თამაშობს სოციალური უთანასწორობის გადმოსაცემად. მდიდარი ოჯახის სახლებში ინტერიერი მაღალი ჭერით, თანამედროვე დიზაინითა და ღია სივრცეებითაა გამოხატული, რაც სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდას ქმნის. სოციალურად დაბალი ფენის წარმომადგენელი ოჯახის საცხოვრებელი სახლი ბნელი, პატარა სარდაფია, სადაც სივრცე შეზღუდულია და გარემო მუდმივ დისკონფორტს უკავშირდება.
ფილმი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ გადმოსცემს ფიზიკური სივრცე სოციალურ მდგომარეობას. პარაზიტში არქიტექტურა სოციალური დაყოფის ერთგვარ ნიშნად იქცა.
The shining
The Shining-ში ინტერიერის დიზაინს მნიშვნელოვანი როლი აქვს ფილმის განწყობის შესაქმნელად. სასტუმრო “Overlook”-ის ინტერიერი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. მისი სიმეტრია, მკვეთრი ფერები და სივრცეების განმეორებადი სტრუქტურა ქმნის გარემოს, რომელიც თითქოს მოწესრიგებულია, მაგრამ თანდათან იწვევს დისკომფორტის შეგრძნებას. მსგავსი ინტერიერი ფილმის ატმოსფეროსა და მაყურებლის განწყობის შექმნაზე დიდ გავლენას ახდენს და ქმნის დისტანცირებულ გარემოს, რომელიც პერსონაჟების შინაგან დაძაბულობას ეხმიანება.
ცნობილი ფილმების ინტერიერები გვაჩვენებს, როგორ შეუძლია ფერს, ფორმასა და განათებას შექმნას ატმოსფერო, რომელიც მაყურებელზე გავლენას ახდენს.
თუ შენც გინდა გახდე ინტერიერის დიზაინერი და შთაგონება ფილმებიდან გადააქციო სივრცეებად, რომლებიც დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნის და ემოციას იწვევს, მაშინ შემოგვიერთდი ინტერიერის დიზაინის კურსზე.