ინტერვიუ სოციალური მედიის კურსის ლექტორთან

ინტერვიუ სოციალური მედიის კურსის ლექტორთან

08.07.2022

Სოციალური მედიის კურსის ლექტორი, თამარ ნიკოლეიშვილი საქართველოს ბანკის სოციალურ მედიაში სულ სხვა სფეროდან, შემთხვევით მოხვდა და, როგორც თვითონ ამბობს, ყოველ დღე უფრო მეტი რამ აქვს სასწავლი, ვიდრე –  წინა დღეს ჰქონდა.

Ჩვენი სოციალური მედიის კურსის უკეთ გასაცნობად დეტალურ ინფორმაციას შემოგთავაზებთ, თვითონ თამარის უკეთ გასაცნობად კი – მასთან მოკლე ინტერვიუს.

– თამარ, მოგვიყევი შენ შესახებ?
Საქართველოს ბანკში რომ მოვხვდი, საკუთარ გვერდზე “მაიმუნური” სტატუსების წერის გარდა, სოციალურ მედიასთან ურთიერთობის გამოცდილება, ფაქტობრუვად, არ მქონია. Ბანკის ციფრული კონტენტის მენეჯერად ჩემი პოლიტიკის მეცნიერის დიპლომით არა, მაგრამ “ღამის შოუს სტუდიისა” და TV11-ის სცენარისტის გამოცდილებით ამიყვანეს იმ იმედით, რომ “კრეატიული ადამიანი გამოვდგებოდი” და ბანკის სოციალური მედიისთვის შეძლებისდაგვარად კარგ კონტენტს შევქმნიდი.

“ვაიმე, არასწორად ხომ არ გავაკეთე” და სხვა შეშინებული კითხვები ყველა პოსტის და რეკლამის გაშვების შემდეგ, მალევე შეცვალა ცოტა თავდაჯერებამ და დიდმა ინტერესმა. Მივხვდი, რომ სწრაფად განვითარებად სფეროში მოვხვდი და მქონდა მთავარი, რაც ამ საქმეს სჭირდებოდა – ნდობა და სურვილი. Რაც მთავარია, მეგობრებად გადაქცეული თანამშრომლების გუნდში მოვხვდი და სხვა გზა არც მქონდა – ჩემი საქმე კარგად უნდა მეკეთებინა.

– Რა პროექტებზე და კამპანიებზე გიმუშავია, როგორც სოციალური მედია მენეჯერი?
Შეიძლება, უცნაურად ჟღერდეს მხოლოდ ერთი კომპანიის გამოცდილებით სოციალური მედიის მართვაზე თამამად საუბარი, თუმცა სამი წლის განმავლობაში იმდენ კარგ და ზოგიერთ “სამააყო” კამპანიაზე მომიწია მუშაობა, რომ აჰა, გავბედე და სხვას ვასწავლი, როგორ მართონ ამა თუ იმ კომპანიის სოციალური მედია.

Მიუხედავად იმისა, რომ ახლაც, როდესაც ჩემი პროფესიული ინტერესი ციფრული პროდუქტების მხარეს გადმოიხარა, რამდენიმე კომპანიას ან თუნდაც მეგობარ ბრენდს ვეხმარები კომუნიკაციაში, “ხმამაღლა სათქმელად” მაინც საქართველოს ბანკის ისეთი კამპანიები მახსენდება, როგორებიც არის, მაგალითად, “სეკრეტ სანტა”, “მთელი საქართველოს ბანკი”, 26 მაისს დროშის გამოფენის ტრადიცია, #მევქმნი და ა.შ.

– Რომელს გამოარჩევდი?
“Სეკრეტ სანტას” სამწლიანი ორომტრიალი ჩემთვის ყველაზე დიდი და საინტერესო გამოცდილება იყო. უცნობი ადამიანისთვის უანგაროდ შერჩეული, გულდასმით შეფუთული და ადრესატის გახარების იმედით გაგზავნილი ათასობით საჩუქარი მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩემთვის ყოველ დილით სამსახურის ბედნიერად დასაწყები მუხტი იყო.

ძალიან მიხაროდა ყველა გაგზავნილი და მიღებული საჩუქარი. გარდა იმ ემოციისა, რასაც ამ კამპანიაში ჩართული ხალხისგან ვიღებდი, ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ამ კამპანიის ფარგლებში JWT მეტროსთან და რედბერისთან თანამშრომლობაც.
– Რა სირთულეებს აწყდებოდი ამ ინდუსტრიაში საქართველოს ბაზარზე?
Სოციალური მედიის პლუსიც და, ალბათ, რაღაც კუთხით მინუსიც ის არის, რომ ყველაფერი უნდა სცადო, გატესტო, ნახო, დააკვირდე და შემდეგ თქვა – მუშაობს თუ არა. Შედეგების შესაბამისი ცვლილებები, თუნდაც ყველაფრის თავდაყირა დაყენება სოციალური მედიის მენეჯერის პატარ-პატარა სიამოვნებებიდან ერთ-ერთია. არადა, დამკვეთებს ხშირად აქვთ (ან გვაქვს კიდეც) “ეს მინდა” და “აქამდე ასე ვაკეთებდით” მიდგომა.

ამ წინააღმდეგობებში გავიზარდეთ ჩვენც, დამკვეთებიც და სოციალური მედიაც. თუმცა, ტრადიციული მიდგომების გადახედვის სირთულე, მგონია, რომ დღემდე ისევ გვაქვს.
– სამი ძირითადი თვისება რაც უნდა ჰქონდეს სოციალურ მედია მენეჯერს?
Მთლად ასე “3 ძირითადი თვისება” და “10 საუკეთესო წესი” განაცხადები ცოტა ხმამაღალი მგონია ხოლმე. თუმცა, კითხვის პასუხად რაც უცებ მომივიდა აზრად, არის მოსმენა – მომხმარებლის იქნება, დამკვეთის თუ თითოეული რეკლამის შედეგის, დიდ სურათში პატარა დეტალის შემჩნევისა და პატარა დეტალით დიდი სურათის დანახვის შესაძლებლობა და, რაც მთავარია, მარტივად ადაპტაციის უნარი.

კიდევ ბევრი სხვა თვისებაა, რომელიც გამოგადგებათ და უფრო მეტიც, რომელთა გარეშეც რაღაცები რთულად გამოვა, თუმცა ასე სავალდებულო არც ეს სამია, სიმართლე რომ ვთქვა.
 – Რა არის ის მთავარი შეცდომა, რაც არ უნდა დაუშვას სოციალური მედიის მენეჯერმა?
Მთავარი შეცდომა, რაც შეიძლება დავუშვათ, არის, რომ საკუთარ თავებს შეცდომების უფლება არ მივცეთ. Ნამდვილად არ ღირს საკუთარი თავისთვის მაგ ბორკილის დადება. ვიცი, რომ არაფერს ახალს და გასაოცარს ამით ვერ გეტყვით, მაგრამ თუ კიდევ ერთხელ გაგახსენებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენივე ადამიანობა გავითვალისწინოთ საქმეშიც, უკვე კარგი შედეგი მგონია. 
 – Რას ასწავლი სოციალური მედიის კურსზე?
იმის გათვალისწინებით, რომ ამ კურსიდან და ყველა ახალი აზრიდან მე თვითონაც ბევრ რამეს ვსწავლობ, ჯერ ვცდილობ, გავიგო, რისი სწავლა უნდათ კურსის მონაწილეებს და მათი ინტერესების შესაბამისად ვუხვევ სილაბუსიდანაც.
Სოციალური მედია ერთ-ერთი ის სფეროა, რომლის სწავლა დამოუკიდებლადაც შეიძლება. თუმცა, ყველაზე ღირებული, რისი გაზიარებაც მონაწილეებისთვის შემიძლია, ადგილობრივი უნიკალური გამოცდილებაა, რაც რამდენიმე ნაბიჯის ერთბაშად გადადგმის ტოლფასი შეიძლება, იყოს.
– Რას ურჩევდი დამწყებ სოც. მედია მენეჯერებს?
Სოციალური მედია მხოლოდ თქვენს თაიმლაინებზე ჩამოსქროლილი პოსტები რომ არ არის, დარწმუნებული ვარ, უჩემოდაც იცით. თუმცა, კარგი იქნება, თუ კონტენტის მნიშვნელობასთან ერთად, თავიდანვე დააფასებთ იმ საზომებს, რომლითაც რეალურად თქვენი შედეგი ფასდება. კარგი კონტენტის გარეშე არც ეგ რიცხვებია ხოლმე შთამბეჭდავი, რა თქმა უნდა, თუმცა, მხოლოდ ქოფირაითერული უნარებით ან კარგი ფოტოების გადაღებით ფონს ვერ გავალთ.

კიდევ ბევრი მარტივი რჩევა მაქვს გასაზიარებელი და სწორედ ამიტომ, ერთი სული მაქვს, ონლაინ შეხვედრები დავიწყოთ და შევეცდები, ყველაფერი, რაც თქვენი მომავალი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი მგონია, წვრილ-წვრილად გაგიზიაროთ.