რა არის ინსაითი?

რა არის ინსაითი?

13.07.2022

ალბათ, ხშირად გსმენია, რომ სტრატეგიისა და იდეის შესამუშავებლად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინსაითის მოძებნაა. ინსაითია ის საყრდენი, რომელზეც შენი კონტენტი შენდება. მნიშვნელობა არ აქვს, ქოფის წერ, ილუსტრაციას ქმნი თუ კრეატიულ კამპანიაზე მუშაობ, ინსაითია ის, რაც პირველ რიგში უნდა იპოვო. ინსაითის საუკეთესო მაგალითი ფართოდ გავრცელებული მიმებია:

ინსაითი

ინსაითი

ადამიანებისათვის მიმები სასაცილოა, რადგან ისინი მარტივად პოულობენ საკუთარ თავს კონკრეტულ სასაცილო სიტუაციაში. დიახ, გასაუბრებაზე ერთხელ მაინც გვითქვამს ჩვენ სასარგებლოდ ისეთი რამ, რაც სინამდვილეში არ არის ჩვენი ძლიერი მხარე. ერთხელ მაინც უკითხავთ ჩვენთვის ქუჩაში, რომელი მიმართულებით უნდა წასულიყვნენ დანიშნულების ადგილამდე და ჩვენც გვისწავლებია, თუნდაც მთლად დარწმუნებული არ ვყოფილიყავით საკუთარ ნათქვამში.

ინსაითი ისაა, რაც ყოველ ინდივიდში გარკვეულ ემოციას იწვევს, ემოციას, რომელიც უამრავი ადამიანისათვის საერთოა. ინსაითი არაა რაიმე ფაქტი, კვლევის შედეგი, გამოგონილი რამ ან ის, რაც ზედაპირზე ნათლად ჩანს. ინსაითს უნდა მიაგნო, მისი პოვნა კი მარტივი პროცესი არ არის. აუცილებლად გჭირდება შესანიშნავი ინტუიცია და ცოტა დედუქციის უნარიც, რათა სწორ დროს სწორი ინსაითი გამოარჩიო. როგორც ამბობენ, ძლიერი ინსაითი იმ კარის გასაღებია, რომელიც ჯერ არავის გაუღია. ასეთი ინსაითის პოვნა ქმნის შთამბეჭდავ, საოცარ იდეებს, რომელიც ძალიან დიდხანს ახსოვს ადამიანებს. მაგალითად, შეგვიძლია, რამდენიმე ცნობილი ბრენდის კრეატიული კამპანია გავიხსენოთ.

IKEA

IKEA-ს რეკლამის ინსაითი ყველასათვის კარგად ნაცნობი შეგრძნებაა. ადამიანებს ხშირად უჭირთ ძველ, შეჩვეულ ნივთებთან გამომშვიდობება. რეკლამის დასაწყისში საოცარი სევდა გვიპყრობს და გვეცოდება პატარა სანათი, რომელიც გარეთ, წვიმასა და ქარში უმოწყალოდ მიატოვეს. რეკლამის დასასრულს კი ვხვდებით, რომ სრული სიგიჟეა ამ უცნაურ ამბავზე დარდი, რადგან ჰო, ახალი სანათი ბევრად უკეთესია. 

MCCAFE

ინსაითი

ადამიანები რომ ყავის დალევის შემდეგ ფხიზლდებიან, ახალი ამბავი ნამდვილად არ არის, თუმცა McCafe-მ შეძლო ეს მარტივი ინსაითი იდეალურ კრეატიულ კამპანიად გადაექცია. ეს პოსტერი, მაკდონალდსის თაღების დახმარებით, წარმატებული კრეატიული კამპანიის ილუსტრაციაა.

Chupa Chups

ინსაითი

როცა ჩუპა-ჩუპსმა განაცხადა, რომ მათი ჯოხიანი კანფეტები შაქარს არ შეიცავს, ამ კონკრეტული კრეატიული კამპანიის ინსაითი ჭიანჭველები აღმოჩნდნენ. ჭიანჭველებს უყვართ შაქარი, სწორედ ამიტომ ეჩვევიან ხოლმე სამზარეულოში საშაქრეს… როგორც პოსტერზე ხედავ, კანფეტს მწერები გარშემო უვლიან, რითიც მკაფიოდ მიგვანიშნებენ, რომ კანფეტი შაქრით არ მზადდება.

როგორც ხედავ, ინსაითის პოვნა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ემოციური, დასამახსოვრებელი კონტენტი შექმნა. ეცადე, დაუკვირდე და აღმოაჩინო ის ყველასათვის ნაცნობი, თუმცა ხშირად გაუაზრებელი შეგრძნებები, რომელიც შენთვის და სხვისთვის საერთო და რელევანტურია.