როგორ შევარჩიოთ დიზაინის კურსები

როგორ შევარჩიოთ დიზაინის კურსები

06.08.2023

დიზაინის შესწავლით უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. თუ შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ და ამ პროფესიის გასაცნობად ონლაინ კურსებს ეძებ, მაშინ უკვე იცი, რომ არჩევანის გაკეთება არც ისე მარტივია.

ამ ბლოგპოსტში მოგიყვებით, რას უნდა მიაქციო ყურადღება და რა კრიტერიუმებით უნდა შეაფასო სასწავლო კურსი, რომელსაც ინტერნეტში გადააწყდები.

გაიცანი ლექტორი

დასაწყისისთვის, საფუძვლიანად შეისწავლე მომავალი ლექტორის პროფესიული გამოცდილება: რომელ კომპანიებში, რომელ ბრენდებთან უმუშავია და აქვს თუ არა პორტფოლიო (თუ აკადემიის ვებგვერდზე პორტფოლიოს ვერ იპოვი, სთხოვე, რომ მოგაწოდონ). პორტფოლიო ნამუშევრების კრებულია, რომელიც წარმოდგენას შეგიქმნის ლექტორის შესაძლებლობებზე.

დაესწარი/უყურე მასტერკლასებს

შესაძლოა ლექტორს შესანიშნავი გამოცდილება და ნამუშევრები ჰქონდეს, თუმცა ცოდნის გაზიარებასაც სპეციფიკური ცოდნა სჭირდება. ამიტომაც, მოძებნე Youtube-ზე ან დაესწარი მასტერკლასებს და დააკვირდი, როგორ გადმოსცემს ლექტორი სათქმელს, როგორ ამყარებს კომუნიკაციას სტუდენტებთან და რამდენად კომფორტულია შენთვის მისი სწავლების მეთოდი.

ნახე სტუდენტების ნამუშევრები

არც სხვა სტუდენტების ნამუშევრები გამოგრჩეს. ნახე, როგორ განვითარდნენ, რისი გაკეთება შეძლეს კურსის დასრულებისას. მათი პორტფოლიო აუცილებლად შეგიქმნის წარმოდგენას განვითარების იმ დონეზე, რასაც კურსი გთავაზობს. 

გაითვალისწინე, რომ ამ დოკუმენტის გარეშე სამსახურის დაწყება გაგიჭირდება. სწორედ ამიტომ, თუ სტუდენტებს საინტერესო პორტფოლიო აქვთ, ეს ნიშნავს, რომ კურსის დასრულების შემდეგ შენი გამორჩეული ნამუშევრების მოგროვებასაც შეძლებ.

წაიკითხე სტუდენტების შეფასებები

გაეცანი სტუდენტების ფიდბექს. წაიკითხე, რას მიიჩნევენ კურსის ძლიერ და სუსტ მხარეებად. ხშირად, აკადემიები მხოლოდ პოზიტიურ შეფასებებს აქვეყნებენ, რაც სრულიად გასაგებია, თუმცა შეგიძლია, რომ სტუდენტებს პირადად დაუკავშირდე და კურსის უარყოფით მხარეებზეც მოისმინო მათი აზრი.

გაეცანი სასწავლო პროგრამას

კურსის შეძენამდე აუცილებლად გაეცანი სილაბუსს. ასე მიხვდები, მზად ხარ თუ არა კურსის დასაწყებად ან გაკმაყოფილებს თუ არა სასწავლო პროგრამა. შესაძლოა დიზაინის სფეროში გარკვეული ცოდნა უკვე გაქვს და საფუძვლების შესწავლა აღარ გჭირდებოდეს ან პირიქით, ფიქრობდე, რომ სილაბუსი დამწყებისთვის მეტისმეტად რთულია და საწყის ეტაპზე საბაზისო ცოდნის მიღება უფრო გინდოდეს.

ბენეფიტები

აუცილებლად გაარკვიე, რა სარგებელს გაძლევს კონკრეტული კურსის გავლა. უპირატესობა მიანიჭე აკადემიას, რომელსაც სტაჟირების შემოთავაზება შეუძლია. ეს შესანიშნავი საშუალებაა, რომ სხვადასხვა კომპანიაში ან სააგენტოში მოხვდე და პროფესიონალებისგან უფრო მეტი პრაქტიკული ცოდნა მიიღო.

აკადემიის სტაფი

დააკვირდი, როგორ გეკონტაქტება აკადემია. დაიმახსოვრე, რომ შენს კითხვებზე ამომწურავი პასუხები უნდა მიიღო. საკონტაქტო პირი ნებისმიერ პრობლემას დროულად უნდა აგვარებდეს და უნდა გქონდეს შეგრძნება, რომ პროფესიონალებთან თანამშრომლობ. გახსოვდეს, რომ კურსში ფულს იხდი, ამიტომ პროდუქტიცა და სერვისიც ხარისხიანი უნდა მიიღო.

ფასი

კურსის ღირებულებაც არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია. შეადარე აკადემიების ფასები ერთმანეთს, ჩაეძიე და ეცადე გამოარკვიო, რას გთავაზობს ძვირად ღირებული კურსი განსხვავებულსა და საინტერესოს, სხვებთან შედარებით. 

არ გამოგრჩეს ფასდაკლებები, რომელსაც აცხადებენ ხოლმე და იკითხე, აქვს თუ არა აკადემიას განვადების ან თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდის შესაძლებლობა.

თუ აკადემია ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს აკმაყოფილებს, მაშინ სანერვიულო არაფერია. იმედი გვაქვს, ჩვენი ბლოგპოსტი დაგეხმარება და არჩევანის სწორად გაკეთებასაც გაგიადვილებს.