10 ფრაზა, რომელიც არ უნდა უთხრა გრაფიკოს დიზაინერს

10 ფრაზა, რომელიც არ უნდა უთხრა გრაფიკოს დიზაინერს

30.01.2024

მეტი საინტერესო პოსტებისთვის გამოგვყევი ინსტაგრამზე. 

თუ გრაფიკოს დიზაინერთან ერთად მუშაობის გამოცდილება არ გაქვს, ალბათ, არც ის იცი, რა პროცესების გავლაა საჭირო სასურველი შედეგების მისაღებად. მნიშვნელობა არ აქვს, დამკვეთი ხარ, თანამშრომელი თუ ქოფირაითერი, როცა სამუშაო სპეციფიკას კარგად არ იცნობ, დიდი შანსია, რომ არასწორი კითხვები გაგიჩნდეს. 

ამ ბლოგპოსტში იმ 10 ფრაზას მოვუყარეთ თავი, რომელიც არავითარ შემთხვევაში, არცერთ დიზაინერს არ უნდა უთხრა. 

"ქოფი ჯერ არ მომიფიქრებია, მანამდე დიზაინის კეთება დაიწყე”

დაიმახსოვრე, რომ ყოველთვის სჯობს დიზაინი მზა იდეაზე დაშენდეს, ვიდრე ჯერ დიზაინი გამზადდეს და ქოფი მერე მოიფიქრო. ამასთანავე, მუშაობის პროცესში რომ ქოფი მოგაფიქრდეს, რომელსაც ნამუშევარი აღარ ერგება, დიზაინერს საქმეს გაუორმაგებ. ეცადე, საბოლოო ვერსიასთან მიახლოებული ტექსტი მაინც გქონდეს მზად, ვიდრე დიზაინერს დავალებას მისცემ. 

"მიდი რა უცებ რაღაც გამიკეთე"

დარწმუნებული ხარ, რომ ეგ “რაღაც” უცებ გაკეთდება?! იქნებ უბრალოდ სჯობს, იკითხო, რა დრო დასჭირდება კონკრეტული დავალების შესრულებას და დარწმუნდე, რომ ნამდვილად მარტივი სამუშაოა. არ გვგონია, რომ დიზაინერმა უარი გითხრას, უბრალოდ, მის საქმეს მეტი სერიოზულობით მოეკიდე. 

"შეგიძლია, რომ რამდენიმე სხვადასხვა ვერსია გააკეთო? უფრო მივხვდები, როგორი დიზაინი მინდა…"

იმისთვის, რომ გაიგო, როგორი დიზაინი გჭირდება, აუცილებელია, რომ იდეა სრულყოფილად და საფუძვლიანად დაამუშაო. არ შეიძლება, რომ დიზაინერს ბევრი სხვადასხვა ვერსიის გაკეთება მოსთხოვო, როცა თითო ვერსიას სპეციფიკური მიდგომა და რესურსი სჭირდება. სხვისი შრომა შენც უნდა დააფასო. 

"აი, მართლა ბოლო ედითია!"

ვის ატყუებ?! ორივემ მშვენივრად იცით, რომ კიდევ იქნება რაღაც ჩასასწორებელი. სინამდვილეში, ცვლილებები საჭიროა. თუმცა, სათითაოდ ფონტებისა და ელემენტების გასწორებას სჯობს, რომ კომენტარების სია შეადგინო და დიზაინერმა ყველაფერი ერთიანად გაასწოროს. 

"შეგიძლია, რომ ზუსტად ასეთი ვიზუალი გააკეთო?"

დიზაინერისთვის რეფერენსის ჩვენება მიღებული პრაქტიკაა. რეფერენსი შთაგონების წყაროა და ასევე, დაახლოებით გამოხატავს იმ იდეას, რისი ვიზუალად ქცევაც გინდა. მაგრამ, გარდა იმისა, რომ საავტორო უფლებების დაცვა ჩვენი პასუხისმგებლობაა, არცერთ პროფესიონალ დიზაინერს არ მოეწონება, რომ სხვისი ნამუშევარი გადააკოპიროს. 

"ხვალამდე მოასწრებ?"

გასაგებია, რომ ხშირად ძალიან სწრაფად გვინდა/გვჭირდება საქმის დასრულება, მაგრამ დიზაინერების შრომაც გასათვალისწინებელია. მაუსზე რამდენიმე დაჭერით სასურველი ვიზუალი არ კეთდება. ამიტომ, როგორც შეგვიძლია, უნდა ვეცადოთ, რომ ამ ადამიანებს სამუშაოდ გარკვეული დრო შემოვუნახოთ. 

"რაღაც ისეთი ვიზუალი მინდა, დასამახსოვრებელი, თვალში რომ მოგხვდება…"

დიზაინერისთვის მსგავსი ფრაზების თქმას არანაირი სარგებელი არ მოაქვს. ყოველთვის, როცა ბრიფს გასცემ, ეცადე, რომ დავალება მკაფიო და კონკრეტული იყოს. დიზაინერს შეუძლია, თავისი გემოვნებით შემატოს შტრიხები ვიზუალს, მაგრამ დავალება მისთვის ამომწურავი და გასაგები უნდა იყოს. 

"ლოგო რომ კომპანიის ვებგვერდიდან აიღო?"

ეს ფრაზა ერთხელ მაინც ყველა გრაფიკოს დიზაინერს მოუსმენია. ლოგოსაც სჭირდება მაღალი რეზოლუცია, რასაც ვებგვერდიდან ამოჭრა ვერ მოგცემს. ასევე, ლოგოს გამოყენებას თავისი წესები აქვს და ყველა ფონსა და ფორმატზე ერთნაირად ვერ დაჯდება. საუკეთესო შემთხვევაში, აუცილებელია გქონდეს ლოგოს ვექტორული ფაილი, რომელსაც დიზაინერი უფრო კომფორტულად გამოიყენებს. 

"ფოტო რომ დამიმუშავო, შეგიძლია?"

დიახ, გრაფიკოს დიზაინერს შეუძლია ფოტოების დამუშავება, მაგრამ ამისთვის შესაბამის ანაზღაურებასაც იღებს. თუ დიზაინერი თქვენი უახლოესი მეგობარი არ არის, უტაქტობა იქნება, თუ საკუთარი ფოტოს უფასოდ დამუშავებას მოსთხოვთ. 

"ლოგო რომ გამიკეთო, 100 ლარად?"

სანამ გრაფიკოს დიზაინერს შრომის ასანაზღაურებლად არარეალურ ფასს შესთავაზებ, გაიკითხე, შენი ბიუჯეტი რამდენად შეესაბამება ბაზარზე არსებულ ფასებს. შეგიძლია, თავად გრაფიკოს დიზაინერს კითხო, კონკრეტულ სამუშაოს როგორ აფასებს. თუ ბიუჯეტი არ გყოფნის, ყოველთვის შეგიძლია ვინმე შედარებით დაბალ ფასად იპოვო, თუმცა ეს ანაზღაურებაც ლოგიკური უნდა იყოს და ძალიან არ ცდებოდეს ბაზარზე არსებულ ფასს. 

როგორც ხედავ, გრაფიკოს დიზაინერის გული რომ მოიგო, სულ რამდენიმე საკითხის გათვალისწინება მოგიწევს. ყოველთვის სჯობს, რომ იმ ადამიანების სამუშაო პროცესს კარგად იცნობდე, ვისთანაც უნდა ითანამშრომლო. 

თუ გრაფიკულ დიზაინზე მეტის გაგებას დააპირებ, შეგიძლია თვალი ჩვენს გრაფიკული დიზაინის კურსს გადაავლო.