
20 რჩევა, თუ როგორ დავწეროთ ეფექტური ქოფი
ქოფირაითინგი წერილობითი საკომუნიკაციო კონტენტის შექმნის პროცესია. ქოფირაითერი ბრენდის ხმაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ბრენდსა და მომხმარებელს.
კომუნიკაციის სწორად წარმართვა ქოფირაითერის მოვალეობაა. სწორედ ამიტომ, მნიშველოვანია, ქოფი ეფექტური და ბრენდისთვის ავთენტური იყოს.
ამ ბლოგპოსტში გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ქოფის წერაში დაგეხმარება.
1. სწორად შეარჩიე საკომუნიკაციო ენა
საკომუნიკაციო ენის, ანუ Tone Of Voice-ის შერჩევა შენი პირველი ამოცანაა. სანამ ბრენდს აამეტყველებ, ჯერ კარგად უნდა გაიაზრო, ვინ არის შენი აუდიტორია, ვის ესაუბრები და როგორი პერსონა აქვს ბრენდს. სამეტყველო ენის უკეთ გასააზრებლად, ერთმანეთს შეადარე ისეთი ბრენდები, როგორიცაა, მაგალითად, Skittles და Nike. მათ შორის სხვაობა დაგანახებს, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს კომუნიკაციას ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბებაში.
2. გაიაზრე ბრიფი, ანუ დავალება
სანამ ქოფის წერას დაიწყებ, მანამდე კარგად გაიაზრე, რა არის შენი ამოცანა. პროდუქტი უნდა გაყიდო თუ ბრენდის შესახებ ცნობიერება აამაღლო?! მომხმარებლის გული უნდა მოიგო თუ ინფორმაცია მიაწოდო?! ბრიფის სწორად გააზრება სწორ ნაბიჯებს გადაგადგმევინებს.
3. მოძებნე ინსაითები
ინსაითების მოძებნა ეფექტური ქოფის დასაწერად გადადგმული პირველი ნაბიჯია. ინსაითი ფუნდამენტია, რომელზეც შენი ქოფი უნდა დაშენდეს. სწორი ინსაითის პოვნა დაგეხმარება, რომ მომხმარებლის გული მოიგო და ბრენდიც დიდხანს დაამახსოვრო.
ინსაითის მნიშვნელობას უკეთ გაიგებ, თუ მაკდონალდსის ამ შესანიშნავ პრინტს დააკვირდები. დასვრილი ჭურჭლის რეცხვა რომ ყველას გვეზარება, ეს ინსაითია. ამ ინსაითზეა აგებული პრინტიც - საჭმლის გამოძახება თავიდან გვარიდებს დასვრილ თეფშებსა და ტაფებს.
4. დაარედაქტირე ქოფის პირველი ვერსია
ყოველთვის, როცა ქოფის წერას დაასრულებ, ახლიდან გადაიკითხე. ნამდვილად ყველა სიტყვა გჭირდება?! კავშირები ნამდვილად აუცილებელია?! იქნებ შეგიძლია კიდევ შეკვეცო და შეამოკლო?! დაიმახსოვრე, რომ ადამიანებს არ უყვართ გრძელი წინადადებების კითხვა. ეცადე, რომ სათქმელი მოკლედ და ლაკონიურად გადმოსცე. არც ასოები გამოგრჩეს. კითხვისას თვალი შეცდომებს ვერ პოულობს ხოლმე ადვილად, ამიტომ მართლწერა მცდარბეჭდილმძებნელში შეგიძლია გადაამოწმო.
5. გადაამოწმე სასვენი ნიშნები
არასწორად დასმული სასვენი ნიშნები არაპროფესიონალურ შთაბეჭდილებას ტოვებს. მომხმარებელი უნდა გრძნობდეს, რომ ბრენდმა იცის ის, რასაც აკეთებს. გახსოვდეს, რომ ენა ელვის სისწრაფით ვითარდება და შესაბამისად, იცვლება კიდეც. სწორედ ამიტომ, აუცილებელია მუდმივად ვადევნებდეთ თვალს გრამატიკულ ნორმებს.
6. არ გამოიყენო ბევრი “ემოჯი”
თუ ქოფის სოციალურ ქსელში გამოსაქვეყნებლად წერ, გახსოვდეს, რომ ბევრი ემოჯი აუცილებელი არაა. თვალის შესასვენებლად აბზაცების გამოყოფა შეგიძლია, და თუ ემოჯის გამოყენება მაინც გინდა, ერთი ან ორი სრულიად საკმარისია.
7. წერე ნათლად და მკაფიოდ
მომხმარებელს ზედმეტი საფიქრალი არ უნდა გაუჩინო. ქოფის წერის დროს ეცადე, რომ წინადადებები ნათელი და ადვილად გასაგები იყოს. რთული და ჩახლართული ფრაზები უფრო დაგაშორებს მომხმარებელს, ვიდრე კომუნიკაციას გაგიმარტივებს.
8. არ აგერიოს მიმართვის ფორმები
საკომუნიკაციო ენის შექმნისას თუ ჩათვლი, რომ ბრენდმა შენობითი ფორმით უნდა მიმართოს მომხმარებელს, ეცადე, რომ ეს ტონი აღარ შეცვალო. სხვადასხვა ქოფიში სხვადასხვა მიმართვის ფორმის გამოყენება მომხმარებელს დააბნევს.
9. დაანახე პრობლემა სათაურშივე
ბლოგპოსტების წერისას სათაურს დიდი მნიშვნელობა აქვს. ეცადე, რომ სათაური ზუსტად გადმოსცემდეს მთავარ სათქმელს. შეგიძლია კითხვა დასვა, თუმცა ქოფი არასწორ შთაბეჭდილებას არ უნდა ტოვებდეს. მომხმარებლის ნდობა რთულად მოსაპოვებელია.
ძალიან კარგი სათაური აქვს ბექა ადამაშვილის წიგნს “ამ რომანში ყველა კვდება”. მიუხედავად იმისა, რომ სათაური თითქოს ინტრიგას აღარ გიტოვებს, პირიქით, ინტერესი კიდევ უფრო მეტად იზრდება.
10. გამოიტანე რიცხვები სათაურში
“როგორ დავწეროთ ეფექტური ქოფი?” და “20 რჩევა, თუ როგორ დავწეროთ ეფექტური ქოფი” ერთი და იმავე ბლოგპოსტის ორი სხვადასხვა სათაურია. დამეთანხმებით, ალბათ, რომ მეორე ვარიანტი ბევრად ეფექტურია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ბლოგპოსტის ეტაპებად დაყოფაა. ადამიანებს არ უყვართ მოცულობითი ტექსტების კითხვა, აბზაცებად შეთავაზებული ვერსია კი უფრო საინტერესოდ გამოიყურება.
11. მოუხმე მომხმარებელს მოქმედებისკენ
Call to action, ანუ მოქმედებისკენ მოხმობა ეფექტური ქოფის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს მოვუწოდოთ მოვიდნენ, შეიძინონ პროდუქტი, ისარგებლონ ჩვენი მომსახურებით, გამოიწერონ სიახლეები, გადავიდნენ ბმულზე და სხვა. როცა ადამიანს ქმედებისკენ მიუთითებ, ჩათვალე, რომ ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია.
12. გამოიყენე ქოფირაითინგის ფორმულები
თუ ქოფის წერისას ხვდები, რომ სიტყვებს შორის ლავირება გიჭირს, გაიხსენე, რომ ყოველთვის შეგიძლია ქოფირაითინგის ფორმულების გამოყენება. ესაა ერთგვარი ყალიბი, რომელსაც სხვადასხვა შინაარსის ქოფის დასაწერად გამოიყენებ.
ერთ-ერთი ცნობილი ფორმულაა PAS (Problem, Agitate, Solve). ამ ფორმულის მიხედვით, ჯერ პრობლემა უნდა გამოკვეთო, შემდეგ ეს პრობლემა გაამწვავო და საბოლოოდ, მომხმარებელს გამოსავალიც უნდა შესთავაზო.
მაგალითად: “დაიღალე ჩამჯდარ ლაქებთან ბრძოლით? ნაჭერიც გაცვდა და გაუხეშდა? ჩვენი სარეცხი საშუალება დაგეხმარება, რომ ტანსაცმელმა ახლებური ფერი და ფაქტურა დიდხანს შეინარჩუნოს”.
13. გამოყავი ტექსტი ქვესათაურებით
თუ მოცულობითი ბლოგპოსტის წერა გიწევს, ეცადე, რომ ტექსტში ქვესათაურები გამოყო. ეს დაგეხმარება, რომ მომხმარებლის ინტერესი შეინარჩუნო. აბზაცების შემთხვევაში, მომხმარებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ ტექსტი ბევრად მოკლეა და უფრო მალე წაიკითხავს.
14. იყავი გულწრფელი
ეცადე, რომ მომხმარებელი არ მოატყუო. ბრენდი ადამიანად მიიჩნევა, რომელსაც გამორჩეული პიროვნული ღირსებები აქვს. გახსოვდეს, რომ გულწრფელობა დასაფასებელი თვისებაა და ადამიანების ნდობას თუ დაკარგავ, მისი დაბრუნება ძალიან გაგიჭირდება.
15. მიაწოდე მომხმარებელს საჭირო ინფორმაცია
ფასის მითითებით დაწყებული, საჭირო ვებგვერდებზე გადამისამართებით, ქოფი უნდა მოიცავდეს ყველა იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც მომხმარებელს თქვენგან სჭირდება. თუ რომელიმე ინფორმაციას პოსტშივე ვერ მიუთითებ, ჩასვი ბმულები, სადაც მომხმარებელი გადავა და გაიგებს ყველაფერს, რისი გაგებაც უნდა.
16. თავიდან აირიდე გადაჭარბებული ფამილიარობა
მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაცია კარგია, თუმცა ეცადე, რომ არ გადაამლაშო. გადაჭარბებული ფამილიარობა ნეგატიურ უკუკავშირს გამოიწვევს.
17. იყავი ხუმარა, მაგრამ ნუ გადაამეტებ
იუმორი კარგი ხერხია მომხმარებლის მოსახიბლად, თუმცა ეცადე, რომ სიტყვები სწორად შეარჩიო. სენსიტიურ თემებზე ხუმრობა შეიძლება დამღუპველი იყოს შენი ბრენდის იმიჯისთვის.
18. ადაპტირდი პლატფორმებთან
შენი ქოფი შესაძლოა გამოქვეყნდეს როგორც Facebook-ზე, ისე Instagram-ზე. გაითვალისწინე, რომ ყველა პლატფორმას საკუთარი ფორმატი აქვს. შენი ქოფის მორგება შესაძლოა სხვადასხვა პლატფორმაზე სხვადასხვაგვარად დაგჭირდეს. მაგალითისთვის, Instagram უფრო ვიზუალური თხრობისთვისაა შექმნილი, ქოფი საგრძნობლად მოკლე უნდა იყოს, Facebook კი სასაუბროდ მეტ შესაძლებლობას გაძლევს გთავაზობს.
19. გაითვალისწინე Mobile და Desktop ვერსიები
თუ UI/UX ქოფირაითინგი გაინტერესებს, აუცილებლად მოგიწევს ვებგვერდის Mobile და Desktop ვერსიების გადახედვა. ამ შემთხვევაშიც დაგჭირდება, რომ ქოფის ზომა ეკრანის შესაბამისად შეცვალო. ვებგვერდის Desktop ვერსიაზე 1 სქროლი Mobile ვერსიაზე 1 სქროლს უნდა ნიშნავდეს. შენი მიზანია, რომ ორივე შემთხვევაში მომხმარებელს ერთნაირად მოეწონოს შენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია. რაც უფრო მეტი სქროლია საჭირო, მით ნაკლებია შანსი, რომ მკითხველი დიდხანს დარჩეს ვებგვერდზე.
20. სწორად დაალაგე ინფორმაცია ვებგვერდზე
UI/UX ქოფირაითერის ამოცანაა, მომხმარებელს ინფორმაციის მოძიება გაუმარტივოს. სწორედ ამიტომ, აუცილებელია, რომ თითოეული ველი და ინფორმაცია ლოგიკურად განვათავსოთ ვებგვერდზე. ამისთვის საჭიროა იცოდე, თუ რას ეძებენ შენი მომხმარებლები უფრო ხშირად. ეცადე, რომ ყველა კითხვაზე პასუხი საწყის გვერდებზე გქონდეს გამოტანილი.
როგორც ხედავ, ქოფის წერა მარტივი სულაც არაა. იმისთვის, რომ ეფექტური ქოფი დაწერო, ბევრი დეტალი უნდა გაითვალისწინო.
თუ ამ საინტერესო პროფესიის შესახებ მეტი გინდა გაიგო, დარეგისტრირდი ქოფირაითინგის კურსზე