როგორი იყო 2021 წლის ტრენდები გრაფიკულ დიზაინში

როგორი იყო 2021 წლის ტრენდები გრაფიკულ დიზაინში

14.07.2022

2021 წელი, გრაფიკული დიზაინის სფეროში, არაერთი აღმოჩენითა და გამოწვევით იყო სავსე. ახალმა მიმდინარეობებმა მალევე მოიკიდა ფეხი და მსოფლიო მასშტაბით გავლენიან ტენდენციებად ჩამოყალიბდა. ამ ბლოგპოსტში სწორედ 2021 წლის გრაფიკული დიზაინის ტრენდებს მიმოვიხილავთ

3D დიზაინი

3D დიზაინი
Leo Natsume

სიმართლე რომ ვთქვათ, 3D დიზაინი წლის გამოგონება ნამდვილად არ არის, თუმცა უახლესმა ტექნოლოგიურმა მიღწევებმა ეს მიმართულება სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა. სამგანზომილებიანი, ჰიპერრეალისტური კონტენტი კიდევ უფრო თვალისმომჭრელი და დასამახსოვრებელია, რაც ბრენდებს უფრო ეფექტურ კომუნიკაციაში ეხმარება.

3D ტიპოგრაფია

 

 

3D ტიპოგრაფია
Leonardoworx LWX

3D ტიპოგრაფია ფორმის, ფერებისა და ტექსტურის იდეალური კომბინაციაა, რომელიც სრულიად რევოლუციურია დიზაინის სფეროში. გასაოცარი ულტრარეალისტური ასოები უფრო მკაფიოდ გადმოსცემს სათქმელს და მომხმარებლის ყურადღებასაც ადვილად იქცევს. მიუხედავად ამისა, დიზაინერებს მეტი სიფრთხილის გამოჩენაც მოუწიათ, რათა სადავეები არ გაჰქცეოდათ და დამაბნეველსა და შთამბეჭდავს შორის ბალანსი მყარად დაეჭირათ.

ქაოსური ტიპოგრაფია

ქაოსური ტიპოგრაფია
Danilo Gusmão Silveira

ტიპოგრაფია, ხშირად, ზედმიწევნით ირეკლავს თანამედროვე კულტურას. მაშინ, როცა მოდაში ვინტაჟური სტილი ბრუნდება, ტიპოგრაფია გარკვეულწილად ქაოსურ მიმართულებასაც იღებს. ასოების თანმიმდევრობის არევა, სივრცეში მათი უსწორმასწორო განლაგება და წესების სრული დარღვევა 2021 წლის მორიგ ტენდენციად გადაიქცა, თუმცა შედეგად არაჩვეულებრივი ვიზუალები მივიღეთ, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს.

 

ემოჯის დიზაინი

ემოჯის დიზაინი
Multiple Owners

ალბათ, არავის დარჩენია ყურადღების მიღმა, რომ 2021 წელს ყველა ემოჯი უფრო მეტად რეალისტური და ცოცხალი გახდა. სოციალურ ქსელში კომუნიკაციისას ემოჯებს იმდენად ხშირად ვიყენებთ, რომ დიზაინის ისტორიაშიც მათ უკვე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. ემოჯის გამოყენება აღარც ვებგვერდებსა და ბეჭდურ მედიაშია გასაკვირი. 

Cartoon Ullustrations

Cartoon Ullustrations
SAMPLE

ნახატი პერსონაჟების გადმოტანა დიზაინში 2021 წლის დამახასიათებელი კიდევ ერთი ტრენდია. ამ ტიპის კომუნიკაცია შესანიშნავი გზაა დადებითი ატმოსფეროს შესაქმნელად. პერსონაჟის გამოყენება შეგიძლია საიტებზე, სავიზიტო ბარათებზე, პლაკატებსა და საპრეზენტაციო მასალებში. მერწმუნე, რადგან მულტფილმები ყველას უყვარს, სწორად შერჩეული პერსონაჟიც ხალხს ადვილად შეუყვარდება.

 

ფლორა დიზაინში

ფლორა დიზაინში
 Kateryna Yemchyk

ორგანული, რბილი, ბუნებრივი განათება, ფერები და ტონები… ეს ყველაფერი მინიმალისტური დიზაინის თანმდევი შტრიხებია და არავის უკვირს, თუმცა პანდემიის პერიოდში, როცა ბუნებასთან სიახლოვე სანატრელად გადაიქცა, მცენარეების ფორმების დიზაინში გამოსახვა, გარკვეულწილად, ჭკვიანური გათვლაც გამოდგა. მომხმარებლებში მსგავსმა ვიზუალებმა დადებითი და მშვიდი ემოცია გამოიწვიეს.

2021 წელს გრაფიკული დიზაინის მიმართულებები კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა და განვითარდა. ალბათ, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მომდევნო წელი კიდევ უფრო მეტად საინტერესო და გამორჩეულ სიახლეებს გვპირდება, თუმცა ამაზე შემდეგ ბლოგპოსტში გიამბობ, მანამდე კი გაიარე რეგისტრაცია გრაფიკული დიზაინის კურსზე.