5 YOUTUBE არხი გრაფიკოს დიზაინერებისთვის

5 YOUTUBE არხი გრაფიკოს დიზაინერებისთვის

02.08.2022

გრაფიკული დიზაინი მრავალფეროვანი და მუდმივად განახლებადი სფეროა. თუკი, წლების წინ, გრიდის დაცვის სტანდარტი გრაფიკოს დიზაინერებისათვის აუცილებელ პირობად ითვლებოდა, ახლა სივრცის ათვისების სხვადასხვა საშუალება არსებობს. იცვლება ტრენდული ფერი, ფორმა, სტილი… იმისათვის, რომ შთამბეჭდავი კონტენტი შექმნა, ხშირად, მხოლოდ ცოდნა და გამოცდილება არ კმარა – საჭიროა, არ ჩამორჩე დიზაინის განვითარების ეტაპებს და მუდმივად ეძებდე ინსპირაციას.

ამ ბლოგპოსტში იმ 5 YouTube არხს გირჩევთ, რომელიც, ჩვენი აზრით, ძალიან დაგეხმარება, რომ საჭირო დროს, საჭირო ინფორმაცია მიიღო.

1. CHARIMARIETV

ჩარლი გრაფიკოს და ვებდიზაინერია, რომელიც ყოველკვირეულად აზიარებს ვლოგებსა და პროექტებს. ეს YouTube არხი თანაბრად საინტერესოა როგორც დამწყები, ასევე პროფესიონალი დიზაინერებისათვის. იგი მოიცავს საჭირო  რჩევებს, როგორც პირადი, ისე პროფესიული ცხოვრების შესახებ.

2. THE FUTUR

The Futur საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელსაც კალიფორნიელი დიზაინერების გუნდი ქმნის. ისინი გვიყვებიან გრაფიკული დიზაინის სფეროში ყველაზე გავრცელებული შეცდომების შესახებ და საუბრობენ ისეთი თემების ირგვლივ, როგორიცაა პროფესიული და პირადი ცხოვრების ბალანსი, ანდაც კლიენტთან მყარი და დროული კომუნიკაცია.

3. KURZGESAGT

ინსპირაციისათვის, შეგიძლია ანიმაციისა და დიზაინის სააგენტოს, Kurzgesagt-საც ესტუმრო. მათი მიზანი მეცნიერების, ბიოლოგიის, ისტორიისა და ფილოსოფიის ირგვლივ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა. კონკრეტულ თემაზე შექმნილი მოკლე ანიმაციები აუცილებლად დაგამახსოვრებს თავს ულამაზესი ფერებითა და გრაფიკით.

4. GAVIN HOEY

ეს იუთუბ არხი განსაკუთრებულად საინტერესოა, თუკი ფოტოშოპი და ფოტოგრაფია გაინტერესებს. აქ ნახავ რჩევებს როგორც ფოტოების გადაღების, ისე მისი დამუშავების შესახებ.

5. JAZZA

თუ სახალისო და, ამავდროულად, ინფორმაციულ არხს ეძებ, მაშინ თვალი Jazza-ს უნდა გადაავლო. ყოველკვირეულ ვიდეოებში ნახავ სხვადასხვა კონტენტს, მათ შორის, პროდუქტების მიმოხილვას, საინტერესო ჩელენჯებსა და რჩევებს. თუ ხატვა მოგწონს, თუ ძერწავ ან ხისგან ფიგურების გამოთლაც შენი ჰობია, მაშინ ეს არხი ნამდვილად საშენოა. იაპონური კულტურა თუ გაინტერესებს, აქვე იპოვი სხვადასხვა ვიდეოს ანიმეს, ბონსაის დარგვისა და გაზრდის თემაზე.

იმედია, შენთვის საინტერესო არხი უკვე შეარჩიე და გამოიწერე, ხოლო თუ გრაფიკული დიზაინის შესწავლას გადაწყვეტ, მაშინ აი, ამ კურსზე უნდა დარეგისტრირდე.