რა უნდა იცოდე, თუ დამწყები გრაფიკოს დიზაინერი ხარ

რა უნდა იცოდე, თუ დამწყები გრაფიკოს დიზაინერი ხარ

14.07.2022

თუ გრაფიკული დიზაინის სამყაროში ახალი ხარ, წინ ბევრი აღმოჩენა გელოდება – სხვადასხვა ხელსაწყოდან დაწყებული – საკუთარი ხედვისა და გემოვნების აღმოჩენით დამთავრებული. ამ ბლოგში ვეცდებით, შენს ახალდაწყებულ მოგზაურობას რამდენიმე რჩევა შევმატოთ და დიზაინის წარმოსახვით რუკაზე აუცილებლად გასათვალისწინებელ პუნქტებს მოვნიშნავთ. მარშრუტი და ნავიგაცია კი უკვე შენზეა.

1. მოსინჯე ფერები

რა უნდა იცოდე, თუ დამწყები გრაფიკოს დიზაინერი ხარ

ფერი გრაფიკული დიზაინის საბაზისო ელემენტი რომ არის, ჩვენგან არ გესწავლება. ჰოდა, რამდენადაც მარტივი და ძირეული ჩანს, იმდენად კომპლექსურია მისი ბუნება. შენს საყვარელ ბრენდებს თუ გაიხსენებ, ისინიც კონკრეტულ ფერთან ასოცირდებიან შენს გონებაში, არა?

თუ ე.წ. “კოკა კოლას” წითელს მოჰკარი თვალი თუნუქის ქილაზე, წარწერის გარეშეც ხვდები, რომელ ბრენდთან გაქვს საქმე. ლურჯის, წითლის ყვითლისა და მწვანეს კომბინაცია შენს ბრაუზერში, მანამდე მიგახვედრებს რომ გუგლში ხარ, სანამ სიტყვა “გუგლს” წარმოთქვამ.

თუ დამწყები დიზაინერი ხარ და არ გაქვს ფერებთან მუშაობის დიდი გამოცდილება, გირჩევთ ფერთა მზა პალიტრები სცადო – მაგალითად Coolers ან Colourlovers.

ყველა ფერს აქვს თავისი HEX კოდი, რომელიც შეგიძლია ფოტოშოპის ან ილუსტრატორის Color Picker – ის ქვედა უჯრაში ჩააკოპირო (# ნიშნის გვერდით). დანარჩენი უკვე შენს გემოვნებაზე, ბრიფსა და გუნებაზეა დამოკიდებული.

2. ფონტი გემოვნებით

ციფრული მარკეტინგის ტრენდები

ათასობით ფონტში არ არის მარტივი არჩევანის გაკეთება, მაგრამ მოგიწევს. კიდევ ერთხელ გაიაზრე, რა სათქმელი აქვს წარწერას და ეცადე ფონტიც შესაბამისი ხასიათის იყოს, იქნება ეს ფორმალური, მეგობრული, მხიარული თუ მკაცრი.

თუ გინდა, რომ ორი სხვადასხვა ფონტი გამოიყენო, ერთი და იგივე იერარქიის ტექსტი არ გადატვირთო სხვადასხვა სტილით. სჯობს სათაური გამოყო სხვა ფონტით და ძირითადი ტექსტისთვის უფრო მინიმალისტურ სტილს მიანიჭო უპირატესობა.

გაითვალისწინე, რომ ერთი სახის ფონტს ქვე სტილები აქვს (Light, Regular, Medium, Semi-Bold, Bold). ჰოდა, თუ გინდა თან მინიმალისტური იყოს შენი წარწერა, მაგრამ თან მაინც გამოკვეთო ტექსტის კონკრეტული ნაწილები, გირჩევთ ერთსა და იმავე ფონტში “დარჩე” და მისი ვარიაციებით ითამაშო.

3. არ შეგეშინდეს სიცარიელის

არ შეგეშინდეს სიცარიელის

Less is More პრინციპი ცოტა გაცვეთილად შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ ვერ დაუკარგავ თავის ჭეშმარიტებას. სწორად შერჩეული სიცარიელე აძლიერებს მნახველის კონცენტრაციას ვიზუალის დატვირთულ ნაწილზე და დამატებით სიღრმესაც ქმნის. სიცარიელე არ ნიშნავს უბრალოდ თეთრ ფონს/ბექგრაუნდს. ის შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის, ტექსტურისა თუ პატერნის.

სივრცეში არსებული სიცარიელე პაუზებს ჰგავს მუსიკაში. მუსიკაში საჭიროა სტრუქსტრიზებული სიჩუმე/პაუზა, რომ ტემპი არ დაირღვეს – ვიზუალშიც საჭიროა სტრუქტურიზებული სიცარიელე, რომ კომპოზიცია არ დაირღვეს. ცხადია, ორივე შემთხვევაში იმპროვიზაცია “მოსულა”, მაგრამ მას შემდეგ, რაც ძირითადი პრინციპები გვექნება გააზრებული.

ვიზუალში სიცარიელეებს უხვად იყენებს Apple – იქნება ეს პოსტერი, ვიდეო, ვებგვერდი თუ თავად პროდუქტი.

3. ითამაშე კონტრასტებით

ითამაშე კონტრასტებით

კონტრასტი რომ ყურადღებას იქცევს, არაა ახალი ამბავი. ამ პრინციპზეა დაფუძნებული მსოფლიო რეკორდები, გინესის წიგნი. ჰოდა, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ეს ინსაითი დიზაინშიც? გამოკვეთე ცალკეული ელემენტები, გამოყავი კონკრეტული სიტყვა, ხაზი გაუსვი ელემენტების ურთიერთკავშირს.

თუ ზუსტად გინდა იცოდე, რომელია კონტრასტული ფერები, Color.adobe.com – ზე მონიშნე “Complementary” და “ფერების ბორბალზე” ერთმანეთის საპირისპიროდ განლაგებული ფერების სრულ პალიტრას აღმოაჩენ, თავისი HEX კოდებით, ცხადია.

4. იმეგობრე გრიდთან

რა უნდა იცოდე, თუ დამწყები გრაფიკოს დიზაინერი ხარ

რა არის გრიდი? ეს არის ხაზებით შექმნილი წყობა, სტრუქტურა, რომელიც გეხმარება დიზაინის სხვადასხვა ელემენტი რამე ლოგიკის მიხედვით განათავსო სივრცეში. სიმეტრია, ბალანსი ხელოვნებაში ერთ–ერთი უპირველესი პრინციპია, რაც რენესანსის პერიოდის ნამუშევრებში განსაკუთრებით იგრძნობა, თუმცა ცოტა მოგვიანებით ბაუჰაუსის წარმომადგენლებმა დაიწყეს ექსეპრიმენტები ლეიაუთში, შემოიღეს გრიდის ახალი სისტემა ტიპოგრაფიასა თუ პოსტერის დიზაინში. შორს რომ არ წავიდეთ, ინსტაგრამ პლატფორმაც გრიდის პრინციპზეა აწყობილი. ამასთან ერთად, სახაზავის ხელსაწყოც გამოგადგება, რომელსაც ფოტოშოპსა თუ ილუსტრატორში მარტივად, Command+ R (Mac) ან Ctrl + R (Windows) გამოიძახებ.

5. გახსოვდეს სამიზნე აუდიტორია

რა უნდა იცოდე, თუ დამწყები გრაფიკოს დიზაინერი ხარ

თუ მხოლოდ შენი სიამოვნებისთვის არ ქმნი ნამუშევარს, მაშინ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა რჩევას აუცილებლად და ყველგან უნდა დაუმატო კითხვა – ვისთვის ვაკეთებ? ეს კითხვა გაგიმარტივებს მუშაობის პროცესს და საბოლოოდ, შენი ნაშრომის ყველა ელემენტი ცალ – ცალკე და ერთადაც იქნება გასაგები და რელევანტური სამიზნე აუდიტორიისთვის. თუ სილამაზის პროდუქტის ვებგვერდისთვის ქმნი დიზაინს შესაბამისი პალიტრის გამოყენება მოგიწევს, ჰელოუინის თემატიკის პოსტი, დიდი ალბათობით, სხვა ფონტითა და ფერებით იქნება აწყობილი.

რჩევებს რა დალევს, მაგრამ ამ ეტაპზე სულ ეს იყო. თუ გინდა გრაფიკული დიზაინის პრინციპები და ძირითადი ხელსაწყოები საფუძვლიანად ისწავლო, დარეგისტრირდი გრაფიკული დიზაინის კურსზე აქ და ისწავლე შენი იდეების ვიზუალიზაცია.