8 რამ, რაც უნდა გაითვალისწინო, BEHANCE - ზე პორტფოლიოს შესაქმნელად

8 რამ, რაც უნდა გაითვალისწინო, BEHANCE - ზე პორტფოლიოს შესაქმნელად

14.07.2022

თუ დიდი ხანია ფიქრობ გრაფიკული დიზიანის შესწავლას და არ იცი საიდან და როგორ დაიწყო, დარეგისტრირდი  საკონსულტაციო შეხვედრაზე და მიიღე უფასოდ მასტერკლასის ჩანაწერი. 

ხშირად ხდება, რომ უამრავ საათს ვუთმობთ ცალკეული ნამუშევრის შექმნას, მაგრამ მათი დასრულების შემდეგ გვავიწყდება, რომ მთავარი ჯერ კიდევ წინაა – ნამუშევრებს წარდგენა სჭირდება. ამისთვის კი, ციფრული პორტფოლიო საუკეთესო ფორმაა.

ციფრული გალერიის შესაქმნელად, პირადი ვებგვერდიც მშვენიერია, თუმცა ამისთვის დრო და ენერგია არ არის მარტივად გამოსანახი და ზოგჯერ მისი ტექნიკური მხარე ჩვენს შესაძლებლობებს აღემატება. ამიტომ ხანდახან სჯობს, რომ ეს რესურსები ახალ იდეებზე მუშაობასა და მათ განხორციელებას დავუთმოთ. ნამუშევრები კი უკვე გამზადებულ პლატფორმაზე მარტივად ავტვირთოთ.

ბლოგში Behance – ის შესახებ მოგიყვებით და გირჩევთ, როგორ შექმნა და გააუმჯობესო შენი ონლაინ პორტფოლიო.

რა არის Behance?

Behance არის სოციალური მედია პლატფორმა, რომელიც გეხმარება, წარმოაჩინო შენი კრეატიული ნამუშევრები და აღმოაჩინო სხვების პორტფოლიოები.

აქ შეძლებ, შენს ნამუშევრებს მოუყარო თავი და პროექტებად დაალაგო ისინი. იმის გარდა, რომ ეს საკუთარი შემოქმედების აღქმას გაგიმარტივებს, ასევე, დამსაქმებელსაც მარტივად გაუზიარებ პორტფოლიოს ბმულის სახით, ყოველგვარი PDF ფაილების გაგზავნის გარეშე.

1. მოდი, დავიწყოთ რეგისტრაციით

აქ ამერიკის ბანკის ბოსტონის ფილიალის გატეხვა ნამდვილად არ დაგჭირდება – რეგისტრირდები არსებული მეილით ან Behance – ის პროფილს Facebook – ის, Google – ის ან Linkedin -ის ანგარიშების უკავშირებ.

2. შეავსე ბიო

კი, ვიცით რომ ეს ეტაპი ყველას გვეზარება და ერთი სული გვაქვს ნამუშევრებს როდის ავტვირთავთ, მაგრამ გვიწევს ხოლმე ამ ბაყაყის შეჭმაც.

პროფილზე არსებული ინფორმაცია, რომელიც შენს ვიზუალურ ხედვას სიტყვებში მოაქცევს, ჩათვალე, რომ საქმის მესამედია (არ იკითხო, ეს როგორ გამოვთვალეთ).

ჰკითხე შენს თავს (თუ გინდა, მეგობრებსაც), რა გამოარჩევს შენს ნამუშევრებს და რა აერთიანებს შენს სხვადასხვა პროექტს.

არ დაგავიწყდეს, რომ ექაუნთს შენი პოტენციური დამსაქმებელიც უყურებს, ასე რომ, სანამ პორტფოლიოს დათვალიერებამდე მივა საქმე, პირველი შთაბეჭდილების ტვირთი მაინც პროფილზე მოდის.

3. არ გამოგრჩეს აღწერა

ვიზუალურ ხელოვნებაში მომუშავე ადამიანებს კი ბევრად ურჩევნიათ, რომ ნამუშევარმა გამოხატოს სათქმელი, მაგრამ ვერ უარვყოფთ, რომ სწორად შერჩეული სიტყვები ერთიორად ზრდის შთაბეჭდილებას.

თითოეულ პროექტს დაურთე აღწერა, რაც შენს ფოლოვერებსა თუ პოტენციურ დამსაქმებლებს დაეხმარება გაიგონ მეტი. ჩამოწერე, რა იყო მთავარი ამოცანა, რა პრობლემა გადაჭერი, რამდენი ხანი მუშაობდი ამ დავალებაზე, ვინ იყო კლიენტი და ა.შ. ეცადე ეს ყველაფერი 1 – 2 მოკლე აბზაცში ჩაატიო.

4. შეარჩიე და დაალაგე ნამუშევრები

ნამუშევრების შექმნასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია მათი სწორად შერჩევა. არ არის მარტივი, დესკტოპზე შემოინახო ილუსტრაცია ან პოსტერი, რომელზე მუშაობის დროსაც დაგათენდა, მაგრამ როცა საქმე პორტფოლიოს ეხება, უნდა გახსოვდეს, რომ ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია.

Behance – ზე პორტფოლიოს შექმნის ერთ – ერთი ყველაზე ეფექტური სტანდარტი საერთო იდეის/სტილის ნამუშევრების სერიებად დალაგებაა. ამ პლატფორმის კურატორები გვირჩევენ, ერთ სერიაში 6 – დან 20 – მდე ვიზუალი მოვაქციოთ.

თუ ჯერ არ გაქვს საკმარისი რაოდენობის ნამუშევარი, შეგიძლია, სხვადასხვა პროექტიც გამოიტანო ერთ გვერდზე. თუმცა ეცადე, რომ მათ საერთო წერტილი უპოვო და აღწერაში სიტყვებითაც გადმოსცე (წინა პუნქტი ხომ გახსოვს).

განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეარჩიო ქოვერ ფოტო, რომელიც სერიას ყველაზე უკეთ გადმოსცემს და მნახველს მის გახსნასა და სხვა ნამუშევრებისთვის თვალის შევლებასაც მოანდომებს.

5. გააზიარე სამუშაო პროცესი

საბოლოო ნამუშევარზე არანაკლებ საინტერესოა მუშაობის პროცესი, არაერთი არტისტი სკეტჩებს, ჩანახატებს, ე.წ. დუდლებს აზიარებს თავის პროფილზე. მოკლედ, გვაინტრესებს როგორ მუშაობ და როგორ მიხვედი საბოლოო შედეგამდე. შეგიძლია, თაიმლეფსის ჩაწერაც სცადო ან გიფი შექმნა, რომელიც უფრო დინამიურად ასახავს ამ პროცესს.

6. გაწერე #თეგები

Behance  – ის საძიებო სისტემა მგონი ყველას უყვარს, ვისაც ეს პლატფორმა გამოუყენებია – აქ ნამუშევარი შეგიძლია მოძებნო როგორ ვიზუალური ხელოვნების სხვადასხვა სფეროს მიხედვით, ასევე – ფერის, ადგილმდებარეობისა თუ სასწავლო დაწესებულების მითითებით. აქვეა ფილტრი, რომლითაც ირჩევ Adobe – ის რომელი პროგრამით შესრულებული ნამუშევრების ნახვა გსურს – Photoshop, illustrator, Indesign, After Effects, Lightroom.

ერთი მხრივ, თეგები გიმარტივებს შენთვის საინტერესო ნამუშევრების მოძიებას, მეორე მხრივ კი, შენს ნამუშევრებს ალაგებს ზემოთ ჩამოთვლილ კატეგორიებში (თუ, რა თქმა უნდა, თეგებს დაურთავ). ჰოდა, მგონი აქ შევთანხმდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო პროგრამის, შენი სფეროსა და სხვა რელევანტური ჰეშთეგების მითითება. ამ ყველაფერს Project Settings – დან იზამ.

აქვე, უნდა ვახსენოთ, რომ Behance არის Adobe Creative Cloud plan – ის ნაწილი. შესაბამისად, საიტზე არსებულ გალერეებში ქორელს, სონი ვეგასს და მსგავს პროგრამებს ნაკლებად ნახავ.

7. არ დაივიწყო შენი აუდიტორია

რაც არ უნდა იყოს, Behance სოციალური მედიის პლატფორმაა, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ინტერაქციას, კითხვა – პასუხს, კომენტარებს, მოწონებას, რომელსაც აქ appreciation (დაფასება) ჰქვია. ეცადე, რომ შენი ნამუშევრის ქვეშ არსებული კომენტარები/კითხვები უპასუხოდ არ დატოვო. მეტი დადებითი შეფასება შანსს გიზრდის, რომ ე.წ. Featured სიაში მოხვდე და კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს შენი შემოქმედება. ჰო, შენც არ დაიზარო საყვარელი არტისტებისთვის კომენტარების დაწერა, რჩევის კითხვა.

კარგი იქნება თუ Behance – ის პროექტებს სხვადასხვა სოციალურ ქსელში გააზიარებ. შეიძლება შენი პოტენციური დამსაქმებელი LinkdIN – ზე ან Facebook – ზე გათვალიერებს და Behance – ის ბმულით შენი ნამუშევრების საგამოფენო დარბაზში შეგიძლია მოახვედრო.

8. დაალაგე ვიზუალები მუდბორდზე

ეს რჩევა უშუალოდ პორტფოლიოს შექმნას არ ეხება, მაგრამ სხვების ნამუშევრებით შთაგონების მიღება, რეფერენსების დათვალიერება, პორტფოლიოს შესაქმნელად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ჰოდა, ბუქმარქებად და სქრინშოთებად რომ არ მოგიწიოს შენი საყვარელი ვიზუალების შენახვა, უბრალოდ Add to Moodboard და შექმენი სხვადასხვა ხასიათის ციფრული დაფა. ეს ფუნქცია ერთი წლის წინ გამოჩნდა, მანამდე კი ე.წ. კოლექციებში ვინახავდით ვიზუალებს. თუ ერთი წლის წინაც იყენებდი Behance – ს,  ადრე შენახული კოლექციები ახლა მუდბორდებად გამოგიჩნდება.

ბლოგის ბოლოს რამდენიმე ქართველი არტისტის Behance პროფილს გაგიზიარებთ. კომენტარებში შენი საყვარელი არტისტების ექაუნთებს დაველოდებით.

>>გიორგი ბოხუა<<

>>ნიკ კუმბარი<<

>>მექი გიორგაძე<<

>>ანა მიმინოშვილი<<

>>მარიამ საშა<<

 >>სოფია ანთაძე<<

 >>გიორგი გრძელიშვილი<<

დარეგისტრირდი გრაფიკული დიზაინის კურსზე და შექმენი ნამუშევრები შენი პორტფოლიოსთვის. მოგვწერე FACEBOOK - ზე, თუ კითხვები გაგიჩნდა.