რა არის Tone Of Voice?

რა არის Tone Of Voice?

13.07.2022

სოციალური მედიის განვითარებასთან ერთად, ბევრად უფრო უშუალო გახდა ბრენდისა და მომხმარებლის კომუნიკაცია. მეტწილად, სწორედ ამ ურთიერთობაზეა დამოკიდებული ბრენდის წარმატება და მარცხი. დღევანდელ ბლოგპოსტში Tone Of Voice-ს მიმოვიხილავთ და გეტყვით, რატომაა მნიშვნელოვანი სწორად შერჩეული სამეტყველო ენა და როგორ გავლენას ახდენს იგი კომპანიის იმიჯზე.

Tone Of Voice ბრენდის იდენტობის განუყოფელი ნაწილია, იგი განაპირობებს ემოციურ კავშირს კომპანიასა და მომხმარებელს შორის. იმისათვის, რომ ბრენდის ხმა განსაზღვრო, აუცილებელია, რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი გაითვალისწინო:

გაიაზრე, ვინ არის შენი ბრენდი

დიახ, აუცილებლად შეხედე ბრენდს, როგორც პერსონას. განსაზღვრე ვინ ხარ, ვისთვის ხარ და რა არის შენი პროდუქტი, რომელსაც აუდიტორიას სთავაზობ.

განსაზღვრე, ვინ არის შენი აუდიტორია

დეტალურად აღწერე ის ადამიანები, ვისთვისაც საინტერესო იქნება შენი პროდუქტი. განსაზღვრე მათი ასაკი, ცხოვრების სტილი, სასაუბრო ენა, ინტერესები, ჰობი, საქმიანობის სფერო და შემოსავალი. ეს დაგეხმარება, გამოარჩიო სამიზნე აუდიტორიის ის სეგმენტი, რომელთანაც კომუნიკაცია შენთვის უფრო პრიორიტეტულია.

დასახე კომუნიკაციის მიზანი

რატომ გჭირდება მომხმარებელთან საუბარი – შენი ბრენდის ცნობადობა უნდა გაზარდო თუ გაყიდვები? იქნებ სულ სხვა მიზანი გაქვს? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის ცოდნა კომუნიკაციის სწორად წარმართვაში დაგეხმარება.

რომელ პლატფორმაზე აპირებ მომხმარებელთან საუბარს?

Facebook, TikTok, Instagram, Linkedin… ყველა ჩამოთვლილ სოციალურ ქსელს თავისი სამეტყველო ნიშა გააჩნია. აბსოლუტურად განსხვავებული ენა აქვს ვებგვერდს. იმისათვის, რომ ბრენდმა მომხმარებელთან კომუნიკაცია შეძლოს, აუცილებელია, კარგად იცოდეს, რომელ პლატფორმასთან მოუწევს ადაპტირება.

სწორად განსაზღვრე, როგორი ხარ…

როცა იცი, ვინ ხარ, ვინ არის შენი აუდიტორია და რა არის შენი მიზანი, ბევრად უფრო მარტივია, იპოვო საკუთარი ხმა. გინდა, რომ მეგობრად აღგიქვამდნენ?! იქნებ გირჩევნია, თავდაჭერილად საუბრობდე და პატივისცემის განცდას იწვევდე?! მაშინ შესაბამისად ესაუბრე ადამიანებს – სწორედ ისე, როგორიც ხარ.

 

მხიარულების არაჩვეულებრივი მაგალითია Skittles. ეს ბრენდი ძალიან ფერადი და ხალისიანია. მან შესანიშნავად იცის, როგორ გააცინოს, გაართოს და გაახალისოს თავისი მომხმარებელი. სწორედ ამიტომაცაა, რომ ამ ბრენდის გახსენება ხშირად იწვევს დადებით ემოციასა და ღიმილს.

tone of voice

განსხვავებული Tone Of Voice აქვს Harley-Davidson-ს. ამ ბრენდის ხმა თავდაჯერებული, მტკიცე და აგრესიულია. ბრენდი სამიზნე აუდიტორიას მკაცრად მიუთითებს, რომ მათი პროდუქტი შეძენად აუცილებლად ღირს. 

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ხმის პოვნა მარტივი პროცესი ნამდვილად არ არის. არც მომხმარებელი რეაგირებს დადებითად, როცა ბრენდი შეცდომას უშვებს, თუნდაც ხუმრობდეს და ცუდი მიზნები საერთოდ არ ამოძრავებდეს. 

არ არსებობს ერთი უნივერსალური Tone Of Voice, რომელსაც ყველა ბრენდი გამოიყენებს. რაც უფრო ავთენტურია ბრენდის ხმა, მით უფრო მტკიცედ ისმის იგი კონკურენტულ ბაზარზე.

თუ Tone Of Voice-ის შესახებ უფრო მეტი გინდა, რომ გაიგო და ბრენდის სხვა ფუნდამენტური მახასიათებლების შესახებაც საინტერესო ინფორმაციას გაეცნობოდი, მაშინ ჩვენს ქოფირაითინგის კურსზე დარეგისტრირდი. წინ  ციფრულ სამყაროში მოგზაურობა გელოდება!