ბლოგის ქავერი

რას ისწავლი ქოფირაითინგის კურსზე?!

14.07.2022

ქოფირაითინგის არაერთი განმარტება არსებობს და ყოველი მათგანი, გარკვეულწილად, სიმართლეს შეესაბამება. მარტივად რომ ვთქვათ, ქოფირაითინგი სიტყვების ფლობისა და მახვილგონივრულად გამოყენების ხელოვნებაა.
 

ქოფირაითერი წარმართავს კომუნიკაციას ბრენდსა და მომხმარებელს შორის. შესაბამისად, მისი როლი უმნიშვნელოვანესია როგორც ბრენდის იდენტობის ჩამოყალიბების, ისე მისი განვითარების პროცესში.

ჩვენი ქოფირაითინგის კურსი ამ ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად, თანამედროვე პროფესიას ეთმობა. რვა ონლაინ ლექცია ბევრ საინტერესო სიახლეს აღმოგაჩენინებს. 

დაიწყებ სულ, სულ თავიდან
კურსზე დასასწრებად სულაც არაა აუცილებელი, რომ ქოფირაითინგის საფუძვლებსა და რაობაში ერკვეოდე. ყველაფერს სულ თავიდან დაიწყებ და ნელ-ნელა ისე აითვისებ, გააზრებასაც კი ვერ მოასწრებ. ლექციის განმავლობაში შეეცდები, ერთმანეთს შეადარო მწერალი და ქოფირაითერი, იპოვო მათ შორის საერთო და განმასხვავებელი ნიშნები. ყველაფერთან ერთად, იმ ჩვევებსაც განიხილავ, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიმუშაო, თუ ამ პროფესიის დაუფლებას ნამდვილად აპირებ.

გაიცნობ ბრენდს, როგორც პერსონას
გინდ დაიჯერე და გინდ არა, მაგრამ ბრენდებიც ადამიანები არიან. ბრენდს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხასიათი, სამეტყველო ენა და გამოხატვის ფორმა-საშუალებები. ბრენდი ესაუბრება თავის მომხმარებელს და ცდილობს, მისთვის მუდმივად საინტერესო იყოს. ბრენდმა იცის, რომ თუ კომუნიკაცია დაირღვევა, იგი დაკარგავს მომხმარებელთან საერთო ენას და კავშირიც გაწყდება.
ლექციის ბოლოს გეცოდინება, რა არის TOV და რატომაა იგი ასეთი მნიშვნელოვანი ყველა ბრენდისთვის.

ისწავლი ამ სფეროსთან დაკავშირებულ საკვანძო ტერმინებს
ბრიფი და ინსაითი, სთორითელინგი, პორტფოლიო, CTA, TOV… ყველა ეს ტერმინი შენი მეგობარი გახდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბრიფსა და ინსაითს, რომელიც ქოფირაითერის დამხმარე იარაღია ქოფის წერის პროცესში. ბრიფის, ანუ დავალების გააზრება მკაფიოდ დაგანახებს, რა სურს შენგან მომხმარებელს. ინსაითის, ანუ ერთი შეხედვით უჩინარი, თუმცა უმნიშვნელოვანესი “წვრილმანის” პოვნის გარეშე ვერ შეძლებ, რომ ქოფი ბრენდის მომხმარებლის დიდ ნაწილამდე მიიტანო. 

კიდევ ერთხელ დარწმუნდები, რომ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს
Facebook-ისა და Instagram-ის მაგალითებზე განიხილავთ, თუ როგორ ერგება ერთი და იმავე შინაარსის ქოფი სხვადასხვა პლატფორმას. ცნობილი ბრენდების კონტენტის განხილვა თვალსაჩინოდ დაგანახებს ციფრულ არხებში ადაპტირების აუცილებლობას. 

დაწერ ძალიან, ძალიან ბევრს
კურსი მდიდარია მაგალითებითა და პრაქტიკული სავარჯიშოებით. ყოველი ლექციის ბოლოს ლექტორი აგიხსნის დავალებას, რომლის შესასრულებლადაც კონკრეტული ვადა მოგეცემა. დედლაინის დაცვაც საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება.
ისწავლი, თუ როგორ დაწერო შთამბეჭდავი სცენარი, საინტერესო ბლოგი და მეილი, რომელსაც არავინ წაშლის. გაეცნობი შემოქმედებითი წერის არაერთ ტექნიკასა და ხრიკს.

მიიღებ სასარგებლო რჩევებს
კურსის ბოლოს შეძლებ, შექმნა საკუთარი პორტფოლიო. ისწავლი, სად ეძებო პოტენციური დამსაქმებლები და როგორ ეკონტაქტო მათ. შეგექმნება წარმოდგენა სააგენტოში მუშაობის სპეციფიკაზე და ქოფირაითინგის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორიცაა SEO და UX/UI

როგორც ხედავ, ონლაინ კურსი საკმაოდ ბევრ მასალას მოიცავს და განკუთვნილია სარეკლამო სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისათვის, სოციალური მედიის მენეჯერებისთვის, მარკეტერებისთვის – ყველასთვის, ვისაც ახალი პროფესიის დაუფლება უნდა. მთავარია, რომ წერა გიყვარდეს და გჯეროდეს, რომ შეგიძლია.