10 სტილი ინტერიერში

10 სტილი ინტერიერის დიზაინში

26.06.2023

სწორად შერჩეული ინტერიერის დიზაინი ცხოვრებას შესამჩნევად ამარტივებს. გარემო, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებ, კომფორტული, შენს სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული უნდა იყოს.

ალბათ, აქამდე უკვე გსმენია ინტერიერის დიზაინის ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა “მინიმალისტური”, “მოდერნი” და “ვინტაჟური”. ამ ბლოგპოსტში ნაკლებად ცნობილ, გამორჩეულ და საინტერესო 10 სტილს გაგაცნობთ.

 

გარდამავალი ინტერიერი

გარდამავალი სტილი

 

გარდამავალი სტილის მთავარი იდეა ტრადიციული და თანამედროვე დიზაინის იდეალური შერწყმაა. ამ ტიპის ინტერიერის მნიშვნელოვანი მახასიათებლებია სადა არქიტექტურა, სწორხაზოვნება, მეტალის დეტალები და ბევრი ტექსტურა. სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ფოკუსური წერტილები, ანუ დიზაინის დეტალი, რომლისკენაც მიმართულია დამთვალიერებლის მზერა და ყურადღება.

 

ხმელთაშუა ზღვის ინტერიერი

სტილი ინტერიერში

ხმელთაშუა ზღვის ინტერიერის დიზაინი ჩამოყალიბდა საბერძნეთში, ესპანეთსა და იტალიაში. ამ ტიპის ინტერიერში გვხვდება თაღები და სვეტები, მუქი ხის ავეჯი გაფორმებულია დეკორაციული ელემენტებით.

ხმელთაშუა ზღვის სტილი გამოირჩევა მწვანე, ლურჯი და მოწითალო-მოყავისფრო ფერების გრადაციით. დიდი ფანჯრები დაფარულია გამჭვირვალე ფარდებით, რის გამოც ოთახი ბუნებრივად განათებული და მზიანია.

 

ჯაპანდი

სტილი ინტერიერში

ჯაპანდი სკანდინავიური და იაპონური ინტერიერის დიზაინის ნაზავია. ესაა მინიმალისტური სტილი, თბილი ფერებით, რომელიც ორიენტირებულია ფუნქციურობაზე.

ინტერიერში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბუნებრივი ელემენტები. ხშირად შეხვდებით მინიატიურულ შადრევნებს, აუზებსა და ბამბუკს.

ავეჯი, უმეტესწილად, ღია ფერის ხისგანაა დამზადებული. ფერთა პალიტრაში გვხვდება თეთრი და კრემისფერი. ეს მსუბუქი და ნეიტრალური ფერები ქმნის მშვიდ და უპრეტენზიო ატმოსფეროს.

 

ბოჰო

სტილები ინტერიერში

ბოჰემური ინტერიერის დიზაინი აერთიანებს სხვადასხვა კულტურისა და ხელოვნების ელემენტებს. ინტერიერში გამოყენებულია ცხოველის ტყავის ან ნაქსოვი ხალიჩები, მბზინავი მეტალის დეტალები და ხის ავეჯი.

ეს სტილი გამორჩეულია მწვანე მცენარეების სიმრავლით. ხშირად იყენებენ უჩვეულო და საინტერესო ნივთებს, მაგალითად სპილენძის ან ბუმბულებისგან დამზადებულ დეკორაციებს.

 

ინდუსტრიული დიზაინი

სტილები ინტერიერში

ინდუსტრიული დიზაინი სტილისა და პრაქტიკულობის კომბინაციაა. დიზაინის ინსპირაცია აღებულია ქარხნებიდან და სხვა სამრეწველო ობიექტებიდან.

ამ ტიპის ინტერიერში ოთახები ერთმანეთისგან კედლებით არაა გამოყოფილი. სივრცის ზონირების ფუნქციას ავეჯი ითავსებს.

ისეთი დეტალები, როგორიცაა აგური და მილები, ინდუსტრიულ დიზაინში დამალული არ არის, პირიქით, ხილული და თვალშისაცემია.

 

ეკლექტური დიზაინი

სტილები ინტერიერში

უხეშად რომ ვთქვათ, ეკლექტური დიზაინი სხვადასხვა სტილის ერთმანეთში აღრევაა. მიუხედავად ამისა, აქ არ ვგულისხმობთ ქაოსსა და დისჰარმონიას. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა მიმართულებიდან აღებული დეტალები ერთმანეთს აბალანსებდეს და იდეალურად ეხამებოდეს.

ეკლექტურ ინტერიერში შეგიძლიათ გამოიყენოთ უამრავი ფერი და ტექსტურა. კედლები, როგორც წესი, სადა ფერისაა, რათა ოთახის შიდა ნაწილი მეტად კონტრასტული და გამორჩეული იყოს.

 

სკანდინავიური ინტერიერის სტილი

სტილები ინტერიერში

სკანდინავიურ სტილს საფუძველი ჩაეყარა ნორვეგიაში, შვედეთში, დანიაში, ფინეთსა და ისლანდიაში. ამ ტიპის დიზაინში შევხვდებით მკაცრი რაოდენობის ავეჯს: საწოლს, მაგიდასა და რამდენიმე სკამს.

აქ არაფერია, რაც არ გჭირდება. სკანდინავიური სტილი იყენებს თბილ ფერებს, სადა და მინიმალისტურ დეკორაციებს. უპირატესობა ენიჭება კომფორტსა და სიმყუდროვეს.

 

ტრადიციული ინტერიერი

სტილები ინტერიერში

ტრადიციული ინტერიერის დიზაინი შთაგონებულია მე-18 და მე-19 საუკუნეების სხვადასხვა სტილით. ინტერიერი არც ექსცენტრულია და არც მოსაწყენი, გამოიყენებენ მრავალფეროვან ტექსტურასა და ფერს.

ტრადიციული დიზაინის მთავარი იდეა მყუდრო და კომფორტული გარემოს შექმნაა. აქ შეხვდებით ძველ, ანტიკვარულ ნივთებს, ავეჯს, კლასიკურ ნამუშევრებსა და ხელოვნების ნიმუშებს.

 

შუა საუკუნის ინტერიერი

სტილები ინტერიერში

 

შუა საუკუნის ინტერიერის დიზაინი პოპულარული გახდა 1940-1960-ან წლებში და დღემდე მოთხოვნადია. ინტერიერის გასაფორმებლად გამოიყენება კაშკაშა ფერები და მწვანე მცენარეები.

მისაღებ ოთახში, როგორც წესი, ყურადღებას იქცევს ერთი კონკრეტული ნივთი, მაგალითად, ნახატი, სკულპტურა, გეომეტრიული ფიგურები… გაიზარდა სახლში სასტუმრო სივრცეების ოდენობა. ინტერიერის ეს სტილი ძალიან კარგად ჩანს ტელესერიალ Mad Men-ში.

 

აზიური დეკო

სტილები ინტერიერში

აზიური ინტერიერის დიზაინი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც აღმოსავლური დიზაინი, შთაგონებას იღებს აღმოსავლეთ აზიის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა იაპონია, ჩინეთი, ვიეტნამი, ტაილანდი და სხვა.

ინტერიერში შევხვდებით უნიკალურ და დრამატულ ელემენტებს, მაგალითად, დიდ ლარნაკებს, ქოთნებს, დეკორაციულ ნაჭრებს… გვხვდება მითოლოგიური არსებების სკულპტურები და გამოსახულებები, მაგალითად მაიმუნებისა და დრაკონების. ატმოსფერი მშვიდია, უპირატესობა ენიჭება ცოცხალ ფერებსა და ბუნებრივ ელემენტებს.

იმედია, ჩვენი ბლოგპოსტი მოგეწონა. თუ ინტერიერის დიზაინის შესახებ მეტი ინფორმაციის გაგება გინდა, მაშინ ჩვენს ინტერიერის დიზაინის კურსს გადახედე.