
ელენე ჩალაური - ინტერიერის დიზაინის კურსდამთავრებული
კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გვეწვიე
ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების სტუდენტი. ამ კურსის პარალელურად გავდიოდი სამსახიობო სტაჟირებას. ბავშვობიდან ფაქტობრივად ხელოვნების ყველა დარგი მიზიდავდა და მაინტერესებდა. განსაკუთრებით კი მუსიკა, ლიტერატურა და ფოტოგრაფია.
შეიძლება, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ სწორედ ფოტოგრაფიის სიყვარულმა მომიყვანა ინტერიერის დიზაინამდე. იმდენად მიჩვეული იყო ჩემი თვალი დეტალებზე აქცენტირებას და გარშემო სილამაზის მუდმივად შემჩნევასა და წამიერად აღბეჭდვას, რომ ვიფიქრე, ეს სფეროც ჩემთვის ძალიან ახლობელი აღმოჩნდებოდა. შედეგად კი უზომოდ საინტერესო გამოცდილება მივიღე.
ჩემი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო არის სიმბოლოების ენა. ინტერიერის დიზაინსაც ისე აღვიქვამ, როგორც ენას, რომელიც ძალიან თავისებურად - ფერებით, ფორმებითა და ტექსტურებით თარგმნის ნებისმიერ სიმბოლურ შინაარსს, რომელის ჩაქსოვასაც შენ მოისურვებ. ინტერიერი შეგიძლია აამეტყველო კონკრეტული მოგონებების, ლიტერატურისა თუ ვიზუალური ხელოვნების ნიმუშების სივრცეში გადმოთარგმნით. სწორედ ესაა ჩემთვის ყველაზე მიმზიდველი.
თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ამ კურსის გავლა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ძვირფასი გამოცდილება იყო ჩემთვის. პირველ რიგში, ეს კურსი დამეხმარა ახლებურად შემეხედა ნებისმიერი სივრცისთვის. ჩემდა უნებურად ვამჩნევ იმაზე გაცილებით მეტ დეტალსა და სილამაზეს ჩემ გარშემო, ვიდრე კურსის გავლამდე და ამ სფეროსთან შეხებამდე.
აქვე აღვნიშნავ, რომ ამაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა ლექტორის შერჩეულ დავალებებს ასოციაციებთან დაკავშირებით და, ზოგადად, მის მიდგომას.
ვფიქრობ, ისიც აუცილებლად სათქმელია, რომ ბევრ ტექნიკურ და სხვა სირთულესაც წავაწყდი, მაგრამ უსაყვარლესი ლექტორისა და კურსის ხელმძღვანელის მხარდაჭერამ დამარწმუნა, რომ თუკი ნამდვილად იწვი რაღაცის შექმნის სურვილით, შეუძლებელია ვერ მონახო გზა პრობლემის გადასაჭრელად. ჩემი ფენიქსის სიმბოლოც ბანალურად ამ ამბავს ეძღვნება.
ამიტომაც სხვასაც ვურჩევდი, რომ თავისი გამოუცდელობის არ შეეშინდეს და სწორედ ამ სივრცეს მოაკითხოს ინტერიერის დიზაინის შესასწავლად თავისი პირველი “პინგვინური” ნაბიჯებით.
ფინალურ პროექტზე მუშაობისას ჩემთვის ყველაზე საინტერესო პროცესი იყო თვითონ იდეის დამუშავება ბრიფის მიხედვით. ძალიან გამიხარდა, რომ ეს ამოცანა სრულიად დაემთხვა ჩემს ინტერესებს: ფოტოგრაფიასა და ბავშვობიდან არქეოლოგიით გატაცებას (ერთხელ ეს ორი სფერო გადაიკვეთა კიდეც, როდესაც დმანისის ტურის ფოტოგრაფად ვიყავი წასული. ვუღებდი არქეოლოგებსა და მათ აღმოჩენილ არტეფაქტებს). Archicad-ში გეგმარების პროცესიც მომეწონა. Photoshop-შიც და 3D Maxs-შიც. მიუხედავად იმისა, რომ მაქსში მუშაობისას წავაწყდი მთავარ პროგრამულ სირთულეებს, საბოლოოდ მაინც ავუღე ალღო.
ვფიქრობ, კომერციულ ფართებზეც საინტერესო იქნება მუშაობა და ბინებზეც.
ამ კურსის ყველაზე ძლიერი მხარე, ჩემი აზრით, არის ლექტორის სწავლების მეთოდები. ძალიან უშუალო და პირდაპირია, რაც ნებისმიერ, შენთვის წარმოუდგენლად რთულ ამოცანასაც კი, უფრო ამარტივებს. მთავარი უნარი, რომელიც შევიძინე აქ სწავლისას, ალბათ, სწორედ ეგ იყო, რომ სხვა სფეროებში არსებული გამოწვევებისთვისაც ასე შემეხედა.
ნახე ელენეს ნამუშევრები Behance-ზე