ბლოგის ქავერი

7 მეთოდი ქოფირაითინგის პორტფოლიოს შესაქმნელად

01.10.2023

პორტფოლიო დოკუმენტია, რომელიც აუცილებლად დაგჭირდება, თუ ქოფირაითინგის მიმართულებით სამსახურს ეძებ. 

გასაუბრებისას, რთულია დამსაქმებელი დაარწმუნო, რომ კომპეტენტური ხარ, რომ მარკეტინგული ტექსტების წერა კარგად გამოგდის და იმსახურებ, სხვა კანდიდატებს შორის, სწორედ შენ შეგარჩიონ. 

დარწმუნების ეს ნაწილი მხოლოდ ვერბალურად ვერ გადაწყდება. დამსაქმებელმა უნდა ნახოს, წაიკითხოს და შეაფასოს, რა გაგიკეთებია სხვადასხვა ბრენდისთვის. სწორედ ამისთვის გჭირდება პორტფოლიო, რომ ნამუშევრებს თავი ერთად მოუყარო და დამსაქმებელს შენს უნარებზე სწორი წარმოდგენა შეუქმნა. 

მნიშვნელობა არ აქვს, გამოცდილი ხარ თუ ახლა იწყებ პირველი სამსახურის მოძებნას - თუ პორტფოლიო არ გაქვს, ეს ბლოგპოსტი დაგეხმარება, რომ საქმეს ახლავე შეუდგე და საკუთარი თავი კონკურენტუნარიანად წარმოაჩინო. 

  • იპოვე შენი თემფლეითი

ვიზუალური ნაწილი გადამწყვეტი არაა, თუმცა სასურველია, რომ პორტფოლიოს კითხვისას, ყურადღება გრაფიკულმა ელემენტებმა არ გაგვიფანტოს. სწორად შეარჩიე ფონტი, ფერები და ეცადე, აქცენტი ტექსტზე გაკეთდეს. პორტფოლიოს შექმნისას, შეგიძლია, დიზაინერი დაიხმარო ან მარტივად, შენ თვითონ ააწყო უფასო თემფლეითებით, რაშიც ძალიან დაგეხმარება Canva.com. გაითვალისწინე, რომ პორტფოლიო PDF ფორმატში ჩამოტვირთო, რადგან ყველა დივაისმა მოხერხებულად გახსნას. 

  • იყავი მრავალფეროვანი

რადგან პორტფოლიომ დამკვეთი უნდა დაარწმუნოს შენს შესაძლებლობებში, ეცადე, რომ სხვადასხვა ტიპის ნამუშევარი ერთად წარმოადგინო. აჩვენე სოცმედია ქოფირაითინგის, UX/UI ქოფირაითინგისა და ბლოგპოსტის მაგალითები (ან სხვა ნებისმიერი, რაც შენ მოგინდება). დაარწმუნე დამსაქმებელი, რომ სხვადასხვა სირთულისა და ტიპის სამუშაოს უყოყმანოდ გაუმკლავდები. 

  • არ შეგეშინდეს, თუ გამოცდილება არ გაქვს

როცა მრავალფეროვნებაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა - რა უნდა ვქნა მაშინ, თუკი ჯერ გამოცდილება არ მაქვს და ახლა ვაპირებ ამ სფეროში მუშაობის დაწყებას?! პასუხი მარტივია - წარმოიდგინე! 

ნებისმიერ დროს შეგიძლია წარმოიდგინო, თითქოს რომელიმე კომპანიისთვის მუშაობ და ქოფებს წერ. აღწერე რამდენიმე გამოგონილი ბრენდი, დავალება და შენი ქოფირაითერული გადაწყვეტა. აჩვენე დამსაქმებელს, რას და როგორ გააკეთებდი, ეს ყველაფერი რომ რეალური ყოფილიყო. პორტფოლიოში მთავარი გამოცდილება კი არა, შენი ქოფირაითერული უნარებია. 

  • არა უშავს, თუ დასაწყისში გამოცდილების დასაგროვებლად იმუშავებ

რა თქმა უნდა, როცა მუშაობ, ანაზღაურებაც შესაბამისი უნდა გქონდეს. თუმცა, დასაწყისში, საკუთარი თავის გამოსაცდელად და პორტფოლიოსთვის საჭირო მასალის დასაგროვებლად, შეგიძლია რომელიმე ბრენდს საკუთარი თავი შესთავაზო. მეგობრის სტარტაპი იქნება თუ უცნობი მცირე კომპანია, მნიშვნელობა არ აქვს, 1 თვეში შესაძლოა მშვენიერი გამოცდილება და მაგალითები მოაგროვო. ზოგადად კი გახსოვდეს, რომ შენი შრომა აუცილებლად უნდა ფასდებოდეს შესაბამისი ხელფასით. 

  • გააცანი დამკვეთს საკუთარი თავი

კარგი იქნება, პორტფოლიოს პირველ გვერდზე თავს თუ წარადგენ. მოკლედ მოყევი საკუთარი თავის შესახებ. ვინ ხარ, რა გამოგარჩევს ქოფირაითინგის სფეროში, რა უნარ-ჩვევებს ფლობ და რა არის შენი ძლიერი პროფესიული მხარე. ეს ნაწილი წარმოდგენას შეუქმნის დამკვეთს, თუ რას სთავაზობ და რას მიიღებს შენთან თანამშრომლობით. 

არც საკონტაქტო ინფორმაცია დაგავიწყდეს. სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი და ელექტრონული ფოსტა ის აუცილებელი დეტალებია, რომელიც პორტფოლიოში უნდა ახსენო. 

  • თუ PDF ვერსია არ გაკმაყოფილებს, ვებგვერდი ააწყვე

დიახ, თუ არც უფასო თემფლეითები მოგწონს და არც PDF ფორმატის პორტფოლიო, შეგიძლია საკუთარი მარტივი ვებგვერდი ააწყო. მაგალითისთვის, ეს პორტფოლიო დაათვალიერე. ზოგადად, საერთაშორისო მარკეტზე ხშირად სწორედ მსგავსი ფორმატის პორტფოლიოებს შეხვდები. ვებგვერდის აწყობა მარტივად შეგიძლია, თუნდაც, WordPress-სა და Wix.com-ზე. 

  • როგორ მივწვდე დამკვეთს?

თუ პორტფოლიო მზად გაქვს, დასაქმებამდე პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. მომდევნო ნაბიჯი გასაუბრებამდე მისვლაა. 

ვაკანტური პოზიციების შესახებ ინფორმაციის მოძიების საუკეთესო გზა Linkedin-ია. ამ პლატფორმაზე, გარდა იმისა, რომ რეზიუმეს შეავსებ, პორტფოლიოსაც ატვირთავ და HR-ებს შენი პოვნა გაუმარტივდებათ. 

ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, როცა ღია ვაკანსიას გადააწყდები, გახსოვდეს, რომ დამსაქმებელს რეზიუმესთან ერთად პორტფოლიოც გაუგზავნე. ამგვარად შენ შესახებ სრულ და ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდი. 

როგორც ხედავ, ნამუშევრების თავმოყრა და დამკვეთისთვის წარდგენა მნიშვნელოვანი პროცესია. 

აქვე იმასაც გეტყვი, რომ ჩვენი ქოფირაითინგის კურსის შემდეგ ლექტორი პორტფოლიოს შექმნაში მოგეხმარება, ხოლო ლექციების განმავლობაში შესრულებული დავალებები ქოფირაითინგის მაგალითებად შეგიძლია აქციო.