რას მოველით 2022 წელს გრაფიკულ დიზაინში

რას მოველით 2022 წელს გრაფიკულ დიზაინში

14.07.2022

უკვე აღვნიშნეთ, რომ 2021 წელს გრაფიკულ დიზაინში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა და ვიზუალური კომუნიკაციის ეს სფერო შესამჩნევად დაიხვეწა. დროა, მომავალი ტენდენციებიც მიმოვიხილოთ და ვივარაუდოთ, თუ რას უნდა მოველოდეთ ახალი 2022 წლისგან გრაფიკულ დიზაინში.  

როგორც ამბობენ, კრეატიული პრაგმატიზმის წელი დაიწყო. ეს კონცეფცია ორი ურთიერთდაპირისპირებული იდეის, კრეატივისა და პრაგმატიზმის კომბინაციაა. თუკი კრეატიულობა მეტწილად შთაგონებას, ექსპრესიასა და წარმოსახვას მოიაზრებს, პრაგმატიზმი ყველაფერ რეალისტურსა და პრაქტიკულს გულისხმობს. 

ამ კონცეფციის ჩამოყალიბება პანდემიამ განსაზღვრა მაშინ, როცა ადამიანებმა ერთმანეთთან დაკავშირების გზების პოვნა და ცხოვრების მიზნების გადაფასება დაიწყეს. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ კრეატიული პრაგმატიზმი გრაფიკულ დიზაინში ბევრ სიახლეს შემოიტანს. 

90-იანი წლების ნოსტალგია

90-იანების ნოსტალგია

90-იანი წლების ნოსტალგია უკვე იგრძნობა TikTok ფილტრებსა და lo-fi DIY მიმდინარეობაში. ამჯერად, გრაფიკულ დიზაინში რეტრო ფუტურისტული აიქონები გამოჩნდა. ეს ფსიქოდელიური სტილი, რომელიც ხშირად ჰიპების მოძრაობასა და სიურრეალიზმთან ასოცირდება, ახალ მიზანს იძენს, რადგანაც ამჯერად ის ბრენდის მესიჯის მატარებელია. ამ ექსცენტრიულ, მხიარულ და ავთენტურ აიქონებს მალე მთელ სოციალურ მედიაში შევხვდებით.

ექსპერიმენტული, ენერგიული და ხალისიანი ტიპოგრაფია

ექსპერიმენტული, ენერგიული და ხალისიანი ტიპოგრაფია

3D, ქაოსური და ვინტაჟური ტიპოგრაფია უკვე დამკვიდრდა გრაფიკულ დიზაინში. აქტიურად მოიკიდა ფეხი ე.წ. serif ფონტებმა. ამ წელსაც კიდევ უფრო უცნაურ, გიჟურ და ხალისიან ტიპოგრაფიურ ნიმუშებს უნდა მოველოდეთ, რაც უკვე გამოჩნდა კიდეც რამდენიმე ფილმის პოსტერზე. შეგვიძლია თამამად ვივარაუდოთ, რომ კონტრასტული ფერები და ფორმის მრავალფეროვნება იქნება 2022 წლის ტენდენცია.

მონაცემთა ინტერაქციული ვიზუალიზაცია

 

თუ ვარაუდები გამართლდება, მონაცემთა ვიზუალიზაცია აღარ იქნება სტანდარტული და მოსაწყენი. 2022 წელს ეს მიმართულება სრულიად ახალ საფეხურზე აღმოჩნდება. როგორც ამბობენ, ბევრად უფრო კრეატიული, თვალისმომჭრელი და სახალისო გახდება ათასგვარი პირქუში სტატისტიკა.

აბსტრაქტული ასიმეტრიული ფონი და პატერნი

 

© Shanti Sparrow Design

გამომდინარე იქიდან, რომ 2020 წელს გეომეტრიული პატერნი პოპულარული გახდა და არც 2021 წელს დაუკარგავს აქტუალობა, ვვარაუდობთ, რომ 2022 წელს ეს მიმართულებაც უფრო მეტად განვითარდება. მათი გამოყენება თავისუფლად შეიძლება საქმიან პრეზენტაციებში, კომპანიის პროფილსა და ზოგადად, ბიზნესის სფეროში.

2D & 3D კომბინაცია

 

© Igor Pavlinski

3D გრაფიკამ მარტივად დაიპყრო სოციალური მედია და ინტერნეტი, რაც მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. ეს ტენდენცია კვლავ გაგრძელდება, თუმცა ამ წელს 2D ვიზუალების დაბრუნებასაც წინასწარმეტყველებენ. ხელით ნახატი ვიზუალებისა და 3D გრაფიკის კომბინაცია თავისუფლების, ავთენტურობისა და რეალურობის ასახვის ერთ-ერთი მეთოდი იქნება.

მეტავერსი

მეტა

მეტავერსი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ვირტუალური რეალობა (VR). იგი რეალური სამყაროსა და კომპიუტერული თამაშების ერთგვარი კომბინაციაა. წარმოიდგინე, რომ ირჩევ შენს ავატარს და სადაც კი თვალი მიგიწვდება ყველაფერს 100%-იანი სიზუსტით ხედავ. სავაჭრო ცენტრები, ბანკები, სამედიცინო დაწესებულებები ავთენტური ზომებითა და ფუნქციებით. იმის ნაცვლად, რომ ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე მისასვლელად დიდი დრო დაკარგო, აღებ ციფრული სამყაროს კარს და ღილაკზე თითის დაჭერით იღებ სასურველ მომსახურებას. 

მეტავერსი დაარღვევს გრაფიკული დიზაინის საზღვრებს და ამ სფეროსაგან 360-გრადუსიან განზომილებაზე მორგებას მოითხოვს. სწორედ მეტავერსი იქნება მომდევნო წლების დღის წესრიგის თემა.

გრაფიკული დიზაინი მუდმივად განახლებადი და განვითარებადი სფეროა და როგორც ვხედავთ, წინ კვლავ საინტერესო სიახლეები გველის. მიუხედავად ამისა, არ დაგავიწყდეს, რომ სულაც არაა აუცილებელი ყველა ტრენდს მოერგო. იყავი თავისუფალი და იპოვე საკუთარი ნიშა, ხოლო თუ ახლა აპირებ ამ მიმართულების შესწავლას, მაშინ ჩვენს გრაფიკული დიზაინის კურსს გადახედე.