ლილე მერკვილაძე

ლილე მერკვილაძე - ქოფირაითინგის კურსზე

02.01.2024

ქოფირაითინგის კურსის შესახებ სრული ინფორმაციისთვის გადადი ბმულზე 


- მოგვიყევი შენ შესახებ? 
მე ვარ ლილე მერკვილაძე, 24 წლის. ამჟამად ვარ სამედიცინო რადიოლოგიის რეზიდენტი. ქოფირაითერობის დამატებით პროფესიად არჩევის იდეა მარტივად გამიჩნდა - ყოველთვის მომწონდა მარკეტინგული სფერო და, ამავდროულად, ნანახისა თუ განცდილის ვერბალიზაცია.

 როგორც კი გავიგე, რომ ამ ორი უნარის გაერთიანება კონკრეტულ პროფესიაში შემეძლო, მაშინვე მომინდა დეტალურად შემესწავლა და ჩემთვის ამდენად საინტერესო და ლამაზი ფარდების მიღმა შემეხედა.

თუმცა გავიარე რთული და ხანგრძილივი გზა შემერჩია სწორი კურსი. ჩემი პრიორიტეტი იყო სანდო ლექტორი, რომელიც გაგვიზიარებდა თავის გამოცდილებას. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მარიამმა მოლოდინებს გადააჭარბა და მივიღე ზუსტად ის, რაც მინდოდა.

- საიდან იღებ ინსპირაციას? Რა არის შენი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო?
ჩემი ინსპირაციის წყარო ძალიან მრავალფეროვანია, შეიძლება იყოს: განცდილი კონკრეტული გრძნობა, მუსიკა, ლირიკა, ავტობუსში უცხოებისგან გაგონილი დიალოგი, მსგავსება მიკროსკოპში დანახულ ქსოვილსა და ცას შორის, ქუჩაში დანახული ბავშვის თავზე ჩამოფხატული იისფერი ქუდი, უცხო სიტყვის პირველად გაგონება და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვა - ყოველდღიური დეტალები.

ერთ-ერთ საჯარო ლექციაზე ცნობილმა დრამატურგმა იქ მყოფ პუბლიკას კრეატიულობის კრიზისზე ასეთი რჩევა მოგვცა: "თუნდაც არაფერი ხდებოდეს,  ყოველდღე დაწერეთ 1 წინადადება და სამუდამოდ მადლობელი დარჩებით საკუთარი თავის." 

მართლაც, ამის გაგონების შემდეგ, თუნდაც ერთფეროვანი დღე მქონდეს, ყოველთვის ვაკეთებ ჩანაწერს - ის წინადადება იმ დღესვე ან მომავალში მაინც გადაიქცევა ჩამოგრძელებულ სტრიქონად ან რაიმე იდეად. ეს  პროცესი ასევე მეხმარება დეტალების შემჩნევასა და უბრალო რამის განსაკუთრებულად გარდაქმნაში.  

- რა მოგცა გავლილმა კურსმა და რატომ ურჩევდი სხვას ქოფირაითინგის კურსის გავლას? 
განვლილმა კურსმა მომცა ამ ეტაპზე ჩემთვის აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია ქოფირაითინგის შესახებ. გავეცანი კრეატიული სამყაროს შექმნის მექანიზმებსა და გავიცანი კრეატიული ადამიანები.

გარდა ცოდნის მიღებისა, ვფიქრობ, ეს არის გამოწვევა საკუთარ თავთან - საინტერესო და სასიამოვნოცაა ნახო თუ როგორ გაართმევ თავს დავალებებს და რას აღმოაჩენ პროცესში.

- მოგვიყევი ფინალურ პროექტზე, სამუშაო პროცესზე? 
ფინალური პროექტი ჩემი ფავორიტი დავალება აღმოჩნდა - ჩემით ავირჩიე სამუშაო ბრენდები და შესაბამისად, სუბიექტურმა ფაქტორებმა პროცესი გამიადვილა. იყო გამოწვევებიც, თუმცა ვფიქრობ შესწავლილი "ხრიკებით" მათ  კარგად გავართვი თავი.

სწავლება არ იყო რთული, მეტიც, ყველაფერი იმდენად გასაგები იყო, რომ კითხვები იშვიათად მიჩნდებოდა. თავდაპირველად , რა თქმა უნდა, იყო გარკვეული ფაქტორები, თუმცა ლექტორის ფიდბექებისა და ყურადღების წყალობით ყველა მომდევნო დავალება უფრო მარტივი შესასრულებელი ხდებოდა.

- Რა ტიპის პროექტებზე გსურს სამომავლოდ მუშაობა?
ამ ეტაპზე კრეატიული სარეკლამო კომპანიებისთვის სცენარების წერის იდეა მიზიდავს, თუმცა სხვა ტიპის მარკეტინგულ პროექტებზე მუშაობის პროცესიც ძალიან საინტერესო იქნება ჩემთვის.

-რა არის ამ კურსის ძლიერი მხარე / რა მნიშვნელოვანი უნარი შეგძინა კურსმა?
კურსის ძლიერი მხარე უდავოდ არის ლექტორი -  მარიამი. გარდა იმისა, რომ მისგან მივიღე ჩემთვის ამომწურავი ინფორმაცია, ასევე დავინახე მოტივაციისმომცემი პროფესიონალი, რომელიც სრულიად მზადაა მთელი პროცესის დროს დაგეხმაროს ნებისმიერ დეტალში.

ასევე, ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ აკადემიასა და სტუდენტებს შორის კომუნიკაცია არ მთავრდება აღნიშნული კურსით და არსებობს საზოგადოება, სადაც შესაძლებელია სამომავლო კითხვებისა თუ გამოცდილებების გაზიარება.

უნარები, რომლებიც შემძინა კურსმა არის საჭირო კითხვების დასმა, აუდიტორიის გაგება, მუშაობა ტექსტზე, კანვასა და ა.შ. ასევე, გავიგე რა არის ბრიფი, UX copywriting. შევქმენი პორტფოლიო, გავეცანი ფორმულებსა და გზებს თუ როგორ უნდა მოვიქცე მუშაობისას.