
მარიამ ბალახაძე - პორტფოლიო გრაფიკულ დიზაინში
გრაფიკული დიზაინის კურსის შესახებ, გადადი ბმულზე
მე ვარ მარიამ ბალახაძე, 18 წლის, ქალაქ გორიდან. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვარ. ძალიან მიყვარს ხატვა და მაინტერესებს ტექნოლოგიები. ტექნოლოგიებისადმი ჩემი ინტერესი 2021 წელს დაიწყო, როდესაც Technovation Girls საქართველო-ში მონაწილეობა მივიღე. მაშინ შევიტყვე გრაფიკული დიზაინის შესახებ და მივხვდი, რომ ეს იყო ოქროს შუალედი თანამედრობე ტექნოლოგიებსა და მხატვრობას შორის — საშუალება, ორი საყვარელი საქმე გამეერთიანებინა. მას შემდეგ აქტიურად ვესწრებოდი უფასო მასტერკლასებს და დიდი თეორიული ცოდნაც დავაგროვე.
წელს კი მიზანს მივაღწიე: ვიყიდე ჩემი ოცნების კომპიუტერი და გავიარე კურსი, რომელმაც დამანახა, რომ გრაფიკული დიზაინი ნამდვილად ის სფეროა, რომელიც მინდა სამომავლო პროფესიად ვაქციო.
Smart Fish აკადემია ყოველთვის იწვევდა ჩემში ინტერესს, თუმცა აპრილში გამართული მასტერკლასის შემდეგ საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ სწორედ ეს იყო ის აკადემია, სადაც უნდა შემესწავლა გრაფიკული დიზაინი. კურსდამთავრებულებზე გამოქვეყნებულმა პოსტებმა კიდევ უფრო დამარწმუნა ჩემს გადაწყვეტილებაში, განსაკუთრებით კი ლექტორი ანო და მისი ნამუშევრები, რომლებმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ვფიქრობ, ჩემს არჩევანში არ შევმცდარვარ.
ვფიქრობ, ჩემი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო მაინც ხელოვნებისადმი სიყვარული და სამყაროს სრულიად სხვა თვალით დანახვის უნარია. მიყვარს ქუჩაში ისეთი დეტალების შემჩნევა, რაც, ჩემი აზრით, ბევრის ყურადღებას ვერ იპყრობს. მგონია, რომ ჩემში ყოველთვის იყო რაღაც განსაკუთრებული — შემოქმედებითი მხარე, რომელიც მაიძულებდა ჩემს გარშემო არსებული სამყარო სხვაგვარად დამენახა.
ასევე ვფიქრობ, რომ კურსი სრულყოფილად მოიცავს ყველაფერს, რაც აუცილებელია გრაფიკული დიზაინის შესასწავლად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სწავლას ნულიდან იწყებ.
კურსი სავსე იყო მრავალფეროვანი დავალებებითა და თეორიული ნაწილით, რაც სწავლის პროცესს მეტად საინტერესოს ხდიდა. დიდი დრო ეთმობოდა დავალებების განხილვას თითოეულ ლექციაზე, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების სამომავლო განვითარებისთვის. ყველას ვურჩევდი ამ კურსის გავლას, რადგან დიზაინის შესწავლასთან ერთად, სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაიცნონ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის მათ გვერდში იდგებიან.
ფინალური პროექტი ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა. დავალების ძირითადი შინაარსი ქართულ ზღაპრებს ემყარებოდა, თუმცა გადავწყვიტე, რომ ჩემი ნამუშევარი ქართულ მითოლოგიასთან ყოფილიყო დაკავშირებული. პროცესის თითოეული ეტაპი უჩვეულოდ საინტერესო იყო. ინფორმაციის მოძიებისას თავადაც უამრავი ახალი რამ შევიტყვე.
პროექტზე მუშაობისას თანაბრად ვხმარობდი Illustrator-სა და Photoshop-ს. მთელი კურსის განმავლობაში ყველაზე დიდი გამოცდილება სწორედ ფინალურმა პროექტმა მომცა. საბოლოო შედეგამდე მისასვლელად არაერთი ეტაპი გავიარე: ვაკეთებდი ხელით ჩანახატებს, შემდეგ ვხატავდი Illustrator-ში და საბოლოო სახეს Photoshop-ში ვაძლევდი. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა მუდბორდებზე და მაკაფებზე მუშაობაც.
ყოველთვის მინდოდა ლოგოებზე და ბრენდინგზე მუშაობა და ვფიქრობ, მომავალშიც ამ მიმართულებით განვვითარდები.
კურსის განმავლობაში ვისწავლე დროის სწორად გადანაწილება და დავრწმუნდი, რომ შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი. უფრო მეტად გამიჩნდა შეცდომებზე სწავლის უნარი და გავიაზრე, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრებაში აკეთო ის, რაც სიამოვნებას განიჭებს.
პროექტი შეიქმნა გრაფიკული დიზაინის კურსის ფინალური დავალებისთვის. პროექტის მთავარ დედააზრს წარმოადგენდა ქართული ზღაპრები. მრავალი იდეის ფონზე, საბოლოოდ არჩევანი მითოლოგიაზე შევაჩერე და გადავწყვიტე გამეცოცხლებინა ის მივიწყებული მხარე ქართული ისტორიისა, რომელიც ოდესღაც ადამიანთა ყოველდღიურ რეალობას წარმოადგენდა


ბარბალე ქართულ მითოლოგიაში მზის განმასახიერებელი ქალღმერთი იყო. ძირითადად თაყვანს სცემდნენ, როგორც ქალის ნაყოფიერების საწყისის მფარველ ღვთაებას. ხალხური წარმოდგენით, ბარბალე განაპირობებს მიწათმოქმედების და მესაქონლეობის პროდუქტების სიუხვეს, ხელს უწყობს როგორც მსხვილი რქოსანი საქონლის და შინაური ფრინველის, ისე ადამიანის განაყოფიერებას. ბარბალესადმი იყო მიძღვნილი სხვადასხვა დღესასწაული, რომელთაგან მთავარი ზამთრის მზებუდობას ემთხვეოდა.
აგუნა მევენახეობა-მეღვინეობის ქართული წარმართული ღვთაებაა. აგუნას პატივსაცემი რიტუალი საახალწლო და საშემოდგომო დღესასწაულებზე სრულდებოდა. მის სახელზე საახალწლოდ ცხვებოდა ვაზის რქის ან მტევნის ფორმის კვერები (გურიაში ამგვარ კვერს „აგუნას პურს“ ეძახდნენ), მაღლარ ვაზთან და მარანში ლოცულობდნენ და ღვთაებას ვაზის ნაყოფიერებას შესთხოვდნენ.
ელია ქართულ მითოლოგიაში წვიმა-სეტყვისა და ჭექა-ქუხილის წარმართული ღვთაებაა. სჯეროდათ,რომ იგი ცაზე ეტლით დაგრიალებდა და ზოგჯერ უადგილო ადგილას დაუშენდა სეტყვას. ელიას სამსხვერპლო ცხოველი გახლდათ თხა, რაც ამ კულტის წინაქრისტიანულ წარმომავლობას მოწმობს.
მზეთუნახავი ქართულ მითოლოგიასა და ფოლკლორში ოქროსთმიანი მშვენიერი ქალია რომელიც სასწაულებრივად იბადება მცენარეებიდან. მზეთუნახავი ჩაკეტილია ცხრა მთას იქით მიუვალ ციხე-კოშკში. ხშირად მზეთუნახავი მოჯადოებულია და გადაქცეულია ირმად, მტრედად, გველად. მისი მომაჯადოებელი ბოროტი არსების განადგურების შემდეგ მზეთუნახავი, ჯადოსნური სიტყვის ან მოქმედების შედეგად, თავის პირვანდელ სახეს იბრუნებს. ის იყო სილამაზისა და სიკეთის განმასახიერებელი ღვთაება.
შავხანი მჭედლობის ღმერთია სვანურ მითოლოგიაში. ციური ჯაჭვისა და უფსკრულზე გადადებული რკინის ხიდის გამჭედავი, იგი მჭედელთა თაობების მამამთავრად გვევლინება. მის მიერ გადებულ ხიდზე კაცი გადადიოდა, დევი კი ძირს ვარდებოდა. ბერძენთა მჭედლობის ღმერთის, ჰეფესტოს მსგავსად, შავხანიც კოჭლია,როცა სამჭედლოში ეძინა, ერთმა დევმა გრდემლი გადააბრუნა, მძინარე შავხანს მარჯვენა თეძოზე დასცა და დააკოჭლა.

მარიამის პროექტი Behance-ზე