
3D დიზაინის (Blender) კურსდამთავრებული - მერი სურმანიძე
კურსის შესახებ სრულად
ამჟამად ვმუშაობ საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო კომპანიაში, ფინანსურ დეპარტამენტში.
ვფიქრობ, რომ ამჟამინდელი სამუშაო გარემო მაქსიმალურად ზღუდავს ჩემს ფანტაზიებსა და შემოქმედებით უნარს, ძალიან მომწყინდა მსგავსი ტიპის რუტინული სამუშაო პროცესი, ამიტომ, როგორც კი მექნება შესაძლებლობა, ვფიქრობ პროფესიის შეცვლას.
მინდა გარკვეული პერიოდი ფრილანსერად ვიმუშავო. ჩემი საუნივერსიტეტო წლების პერიოდში, არაერთი სასწავლო კურსი მაქვს გავლილი ხელოვნებათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამიდან.
3D დიზაინსა და ხელოვნებას შორის კავშირი (იდეის ვიზუალური ფორმით გადმოცემა და ემოციური ეფექტის შექმნა) კი მოგეხსენებათ ძალიან მჭიდროა, ამიტომ დროთა განმავლობაში (ვფიქრობ, ალბათ უფრო ქვეცნობიერად) სწორედ იმ სფეროსა და პროფესიაზე გავაკეთე საბოლოო არჩევანი, რაც აქამდეც ძალიან მაინტერესებდა და მომწონდა.
3D დიზაინით რამდენიმე წელია ვარ განსაკუთრებით დაინტერესებული. ალბათ უფრო მას შემდეგ რაც Blender-ის მრავალმხრივი შესაძლებლობების შესახებ გავიგე.
ძალიან მიზიდავს გარემოს დიზაინი, არქიტექტურა და სცენების შექმნა, სადაც ვიზუალური ესთეტიკა და ტექნიკური სიზუსტე ერთმანეთს ერწყმის.
3D დიზაინის კურსის სწავლებით (მათ შორის ქართულენოვანი კურსის ხელმძღვანელით) Smart Fish აკადემია პირველი იყო რომელიც შემხდა სოციალურ ქსელში. ვებგვერდზე ძალიან მომეწონა ამ კურსის წინა მონაწილეთა ნამუშევრები.
მეც, შესაბამისად, გამიჩნდა სურვილი მსგავს დონეზე დავუფლებოდი Blender-ის პროგრამას. უმეტესწილად ალბათ სწორედ ამან განაპირობა ჩემი არჩევანიც.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთი სასწავლო გარემო, სადაც შესაძლებელი იქნებოდა იდეის განვითარება ნულიდან დასრულებულ პროექტამდე, მენტორის მხარდაჭერითა და სტრუქტურირებული სასწავლო პროცესით. ამაში ნამდვილად გამიმართლა და მიხარია, რომ არჩევანში არ შევცდი.
ჩემი შემოქმედებითი აზროვნების მთავარი წყარო არის გარემოზე დაკვირვება და ვიზუალური გამოცდილება. შთაგონებას ვიღებ ყოველდღიური დეტალებიდან, ფორმების, ფერებისა და სინათლის ურთიერთქმედებიდან, ასევე ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებიდან.
გავლილმა კურსმა შემძინა სისტემური ხედვა 3D დიზაინის პროცესზე - იდეის ჩამოყალიბებიდან საბოლოო ვიზუალური შედეგის მიღებამდე. თუ მანამდე დიზაინი ჩემთვის უფრო ინტუიციურ დონეზე არსებობდა, კურსის განმავლობაში ვისწავლე როგორ დავგეგმო პროექტი ეტაპობრივად, როგორ მივუდგე პრობლემების გადაჭრას და როგორ შევუთავსო ერთმანეთს კრეატიული აზროვნება და ტექნიკური სიზუსტე.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა პრაქტიკულ მუშაობას, რომელიც მაძლევდა შესაძლებლობას ცოდნა უშუალოდ რეალურ ამოცანებზე გამომეყენებინა და საკუთარი პროგრესი თვალსაჩინოდ დამენახა.
გარდა ამისა, მენტორების მხარდაჭერა და უკუკავშირი მნიშვნელოვნად აჩქარებს განვითარებას და იძლევა მოტივაციას, რომ დიზაინი მხოლოდ ჰობიდან რეალურ პროფესიულ გზად იქცეს.
ამ კურსს ვურჩევდი მას, ვისაც სურვილი აქვს შექმნას კურსდამთავრებულთა მსგავსი პროექტები, შეიქმნას 3D დიზაინისთვის საჭირო მყარი საფუძველი, რომ სამომავლოდ ინდივიდუალურადაც შეძლონ ამ კუთხით განვითარება. ეს კურსი სწორედ მათთვისაა.
ფინალური პროექტი ეფუძნებოდა იაპონური ქალაქის ატმოსფეროს თემას. მუშაობა დავიწყე moodboard-ისა და კონცეფციის ჩამოყალიბებით, შემდეგ გადავედი მოდელირებაზე, ტექსტურირებასა და მასალების შექმნაზე. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე ფერთა ბალანსსა და განათებას, რათა სცენას ემოციური სიღრმე ჰქონოდა. საბოლოო ეტაპზე განხორციელდა რენდერი და კამერის ანიმაცია, რაც პროექტს დასრულებულ და ცოცხალ სახეს აძლევს.
ვინაიდან Blender-ის სწავლა მრავალმხრივ განვითარების შესაძლებლობას იძლევა, სამომავლოდ მსურს სხვადასხვა მიმართულებით გამოვცადო ჩემი თავი. მაინტერესებს 3D ანიმაცია, არქიტექტურული ვიზუალიზაცია, პროდუქტის დიზაინი, კომერციული და სარეკლამო სცენები, თამაშების ინდუსტრია, 3D Motion დიზაინი და სამედიცინო ვიზუალიზაციაც კი.
ამ ეტაპზე არ მაქვს ერთი კონკრეტული, საბოლოოდ ჩამოყალიბებული მიმართულება, თუმცა ეს ჩემთვის მინუსი არ არის - პირიქით, ვთვლი, რომ სხვადასხვა სფეროში მუშაობა მომცემს გამოცდილებას, დამეხმარება საკუთარი ძლიერი მხარეების აღმოჩენაში და საშუალებას მომცემს, მომავალში უფრო გააზრებული პროფესიული არჩევანი გავაკეთო.
კურსის ერთ-ერთი ძლიერი მხარე არის პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლება და მენტორების ჩართულობა. ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, რაც ამ კურსმა შემძინა, არის სრული 3D სამუშაო პროცესის გააზრება - იდეიდან დასრულებულ ვიზუალურ შედეგამდე. ეს ცოდნა მაძლევს თავდაჯერებულობას, დამოუკიდებლად შევქმნა და განვავითარო პროექტები.