ნუ დამიწესებ სტანდარტებს! GrlzWave-ის დავალება გრაფიკული დიზაინის სტუდენტებისთვის
Smart Fish – აკადემიამ და ფემინისტური, ქვიარ არასამთავრობო ორგანიზაცია GrlzWave-მა შევადგინეთ ფინალური პროექტის ბრიფი, გრაფიკული დიზაინის სტუდენტებისთვის.
კამპანიის მიზანია, სილამაზის სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლება.
დავალების მიხედვით, სტუდენტებს უნდა შეექმნათ გრაფიკული პოსტერების სერია, სტანდარტიზებული სილამაზის წინააღმდეგ.
GrlzWave-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თეკლა თევდორაშვილი მსოფლიოში ქალების (და არა მხოლოდ) მიმართ დაწესებული სილამაზის სტანდარტების შესახებ გვიყვება:
“ადამიანები მცირე ასაკიდან განიცდიან ზეწოლას – იცხოვრონ საზოგადოების მიერ დაწესებული სილამაზის სტანდარტებით, ამ ყველაფრის ფონზე, არაერთი ადამიანის ფიზიკური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობა დგება საფრთხის ქვეშ, კარგავენ თავდაჯერებულობას, უქვეითდებათ თვითშეფასება, აქვთ კვებითი აშლილობა და სხვადასხვა სახის მენტალური პრობლემა.”
სილამაზის სტანდარტიზება, მძიმე გავლენას ახდენს ქალებსა და განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგოებზე.”
ამ სტატიაში, ნამუშევრებთან ერთად, გაგიზიარებთ სტუდენტების დამოკიდებულებას, სილამაზის სტანდარტების შესახებ.
სტუდენტების სამუშაო პროცესზე გრაფიკული დიზაინის კურსის ლექტორი – მარიამ ნინოშვილი გვიყვება:
“სტუდენტებს რთული დავალება ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ ნამუშევრებით უნდა წარმოეჩინათ საკუთარი ტექნიკური უნარები და ინდივიდუალური ხედვა, ასევე უნდა შეხებოდნენ ყველასთვის ძალიან სენსიტიურ თემას. ზოგმა სტუდენტმა პირადი გამოცდილება გაგვიზიარა ვიზუალური კომუნიკაციის მეშვეობით, ზოგმა კი ზოგადად არსებული სიტუაცია ან სხვა ადამიანების ისტორიები მოიშველია, საბოლოოდ ვფიქრობ სილამაზის სტანდარტების ოდიოზური გავლენა სწორად და რელევანტურად გამოხატეს. ისინი ბრიფის გაცნობიდან ბოლო ლექციამდე აქტიურად იყვნენ ჩართულები და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.”
“ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა სილამაზის სტანდარტები, უამრავ ადამიანზე ნეგატიურად აისახება, სწორედ ამიტომ, პროექტზე მუშაობა ჩემთვის საინტერესო და საპასუხისმგებლო იყო.”
© მარიამ კაპანაძე
“მინდოდა შემექმნა ისეთი ნამუშევრები, რაც თემის აქტუალობას კიდევ უფრო ხაზს გაუსვამდა და მთავარ სათქმელს, სილამაზის სტანდარტებთან დაკავშირებით, სწორად მიიტანდა აუდიტორიამდე.”
© ქრისტი საყვარელიძე
“ყველამ ვიცით, რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანებს, სილამაზის სტანდარტიზებამ.
პროექტზე მუშაობის დროს, ვეცადე, პრობლემა წარმომეჩინა, როგორც საზოგადოების უხილავი ხელი, რომელიც აწესებს სტანდარტებს.”
© ქეთი ბურკაძე
“ფინალური პროექტის თემა საკუთარ გამოცდილებას დავუკავშირე, რადგან წარსულში მეც ვყოფილვარ საზოგადოების მიერ დაწესებული სტერეოტიპების მსხვერპლი.
ვეცადე, სამყაროსთვის გამეგზავნა მესიჯი, რომ არ მოექცნენ ქალები (და არა მხოლოდ) სტანდარტულ ჩარჩოებში.”
©ხატია გიგუაშვილი
“ფინალურმა პროექტმა, სტუდენტებს შესაძლებლობა მოგვცა, უამრავი ადამიანის პრობლემა, რაც სილამაზის სტანდარტებს უკავშირდება, გადმოგვეცა ილუსტრირებულად.
ჩემი ნამუშევარი წარმოადგენს მშობიარობის შემდეგ ქალის სხეულს, როგორც საკუთარი ისტორიისა და ამბის მატარებელს.”
©ხატია წიკლაური
“ქალების მიმართ დაწესებული სილამაზის სტანდარტები, ხშირად სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემის გამომწვევი მიზეზი ხდება.
მინდოდა ჩემი ნამუშევრებით მეთქვა, რომ თითოეული ადამიანის სხეული, ფორმა და გარეგნული მახასიათებლები უნიკალურია და ის არ საჭიროებს საზოგადოების მხრიდან ჩარევას.”
© ანი სუბარი
იმედს ვიტოვებთ, რომ კაცობრიობის განვითარების პროგრესი და სილამაზის მოძველებული სტანდარტები, საბოლოოდ დაშორდება ერთმანეთს, რაც ადამიანებს საკუთარი თავის რწმენას დაუბრუნებს.