
როგორ გავხდე "ქოფირაითიერი" - 7 ნაბიჯი დასაწყებად
ქოფირაითერი პროფესიონალი მწერალია, რომელიც ტექსტებს მარკეტინგული მიზნებისთვის წერს. ქოფირაითერის ამოცანაა, ბრენდსა და მომხმარებელს შორის მჭიდრო და ლოიალური კომუნიკაცია დაამყაროს.
თუ ქოფირაითერობა გაინტერესებს და ცდილობ, რომ ამ რთულ, თუმცა საინტერესო პროფესიას დაეუფლო, მაშინ ეს ბლოგპოსტი შენთვისაა. ამ სტატიაში იმ 7 ეტაპს განვიხილავთ, რომელიც ყველა დამწყებმა ქოფირაითერმა გაიარა.
თუმცა, მანამდე, მოდი სულ თავიდან დავიწყოთ…
ქოფირაითინგს მრავალი სხვადასხვა მიმართულება აქვს და შესაბამისად, არჩევანის დიაპაზონიც დიდია. სადაც უკეთ ჩათვლი თავს, იქ შეგიძლია უნარების განვითარება და საკუთარი თავის გამოცდა. მაგალითად, ქოფირაითინგის მიმართულებებია:
Business-to-Consumer (B2C)
B2C ქოფირაითერი წერს მომხმარებლებისთვის. მისი მიზანია, რომ აუდიტორიამ ბრენდის პროდუქტი ან მომსახურება შეიძინოს. სასაუბრო ტონი აქ ნაკლებად ფორმალურია და მუშაობა სხვადასხვა ინდუსტრიაშია შესაძლებელი.
Business-to-Business (B2B)
B2B ქოფირაითინგი ნიშნავს კონტენტის შექმნას იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც ყიდიან პროდუქტებს ან სერვისებს სხვა ბიზნესებისთვის. ამ ტიპის ქოფირაითინგი ბევრად უფრო ფორმალური და ტექნიკურია.
SEO
SEO ქოფირაითინგი ისეთი კონტენტის დაწერაა, რომელსაც მარტივად აღიქვამს საძიებო სისტემის ალგორითმი. ასეთ დროს ქოფირაითერი იყენებს სხვადასხვა საკვანძო სიტყვას, რომელსაც მომხმარებლები კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად საძიებო ველში კრეფენ.
Direct-Response
Direct-Response ქოფირაითერის ამოცანაა, რომ მომხმარებელს კონკრეტული ქმედებისკენ უბიძგოს. მაგალითად, დააჭიროს ღილაკს, ჩამოტვირთოს, შეიძინოს, გამოიწეროს… მისი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა შეასრულოს ბრენდისთვის სასურველი ქმედება.
Social Media
Social Media ქოფირაითერი მუშაობს ბრენდებისთვის სხვადასხვა პლატფორმაზე. ეს შეიძლება იყოს Facebook, Instagram, LinkedIn... სოცმედია ქოფირაითერის ამოცანა მესიჯების/პოსტების მოფიქრება და სხვადასხვა არხებში ჩაშლაა.
- გაეცანი ქოფირაითინგის საფუძვლებს
პირველი ნაბიჯისთვის საკმარისია, რომ ქოფირაითინგის მიმართულებით თეორიული ცოდნა გაიღრმაო. ამაში დაგეხმარება როგორც ონლაინ კურსები, ასევე ქოფირაითინგის შესახებ დაწერილი წიგნები:
*Cash Copy, by Dr. Jeffrey Lang
*Ogilvy on Advertising, by David Ogilvy
*Great Leads, by Michael Masterson and John Forde
*The Copywriter’s Handbook, by Robert Bly
*Sales Letters that Sizzle, by Herschell Gordon Lewis
გახსოვდეს, რომ კურსების შერჩევისას თვალი უნდა გადაავლო სილაბუსს, ლექტორის გამოცდილებას და დარწმუნდე, რომ დავალებების შესრულებისას უკუკავშირსაც მიიღებ. კარგი ქოფი რომ დაწერო, ბევრი ვარჯიში და პრაქტიკაა საჭირო.
- გჯეროდეს, რომ გამოგივა
რაც უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, ამ სიტყვებში სრული ჭეშმარიტებაა. ქოფირაითერობა მხოლოდ გამართულად წერას არ ნიშნავს, ამ პროფესიას მრავალი საკითხის ცოდნა სჭირდება. ამიტომაც, წინასწარ უნდა შეემზადო სირთულეებისთვისაც. არც ის დაგავიწყდეს, რომ გზადაგზა მარცხიც იქნება და გამარჯვებაც. მთავარია, რომ ვარჯიში არ შეწყვიტო, იკითხე და ისწავლე ბევრი, თვალი ადევნე სარეკლამო ინდუსტრიის სიახლეებს.
- აირჩიე ნიშა
როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ქოფირაითინგს მრავალი მიმართულება აქვს. შეგიძლია ზოგადად ყველა მიმართულება სცადო, თუმცა კარგი იქნება, თუ შენს ნიშას იპოვი. ეს ნიშნავს, რომ ერთ კონკრეტულ მიმართულებას მოერგები და ამ მიმართულებით განვითარდები. მაგალითად, შეგიძლია აირჩო სოცმედია ან UI/UX ქოფირაითინგი და ამ არჩევანს გაჰყვე ბოლომდე. ასეთ დროს მეტად ავარჯიშებ და იმკვიდრებ საკუთარ თავს.
- კარგად გაიცანი ინდუსტრია
როცა შენს მიმართულებას აირჩევ, ამის შემდეგ კარგად უნდა გაიცნო ის ინდუსტრია, სადაც მუშაობას აპირებ. მაგალითად, თუ ფინანსური ინდუსტრიისთვის უნდა დაწერო, მეტი წაიკითხე ინვესტიციისა და ფინანსების შესახებ, იარე ღონისძიებებსა და სემინარებზე. დააკვირდი, რა სტილის ქოფის იყენებენ მეილებსა თუ სარეკლამო ბროშურებზე.
- გაიცანი სხვა ქოფირაითერები
სხვა ქოფირაითერების გასაცნობად შეგიძლია Facebook-ის სხვადასხვა ჯგუფში გაწევრიანდე, ან ამისთვის LinkedIn გამოიყენო. ერთმანეთისგან ბევრს ისწავლით და პროფესიულ კრიტიკასაც გაუცვლით. ამ სფეროში მარტო ყოფნაზე მეტად, შენივე კოლეგების გამოცდილების გაზიარება დაგეხმარება.
- გაყიდე საკუთარი უნარები
საკუთარი თავის დამკვეთებისთვის წარდგენასაც გარკვეული მზაობა სჭირდება. დასაწყისისთვის გირჩევთ, რომ LinkedIn-ის ანგარიში გულმოდგინედ ააწყო და ქოფირაითერის პორტფოლიოც გაამზადო. კარგი იქნება, თუ იფიქრებ, რა სარგებლის მოტანა შეგიძლია კომპანიისთვის და რა არის ის, რაც სხვებისგან გამოგარჩევს. ამ კითხვებზე პასუხი ხშირად აინტერესებთ ხოლმე გასაუბრებაზე.
- შეაფასე შენი პროდუქტიულობა და დროის მენეჯმენტი
ცხადია, შენი პროდუქტიულობა და დროის მენეჯმენტი რომ შეაფასო, ბევრი პრაქტიკაა საჭირო. თუმცა, შენი პროფესიული გზის რაღაც ეტაპზე აუცილებლად უნდა განსაზღვრო როდის და რა გარემოში ხარ უფრო პროდუქტიული. დააკვირდი, დილით უკეთ მუშაობ თუ საღამოს, სახლიდან უკეთ მუშაობ თუ სხვა სამუშაო სივრცე გჭირდება… რაც უფრო მეტად მოირგებ გარემო პირობებს, მით უკეთ და ნაყოფიერად შეძლებ მუშაობას.
როგორც ხედავ, ქოფირაითერობა მარტივი საქმე არაა და თუ ამ პროფესიის დაუფლება გინდა, ბევრი შრომა მოგიწევს. თუმცა, რა თქმა უნდა, როცა რაღაც გიყვარს და გაინტერესებს, მთელი პროცესი გიმარტივდება.
თუ ჯერ კიდევ არ იცი, საიდან დაიწყო, შეგიძლია თვალი ჩვენს ქოფირაითინგის კურსს გადაავლო.