ხატვის ნიჭი არ მაქვს

უნდა იცოდე თუ არა ხატვა, სანამ გრაფიკოს დიზაინერი გახდები?!

31.07.2024

“უნდა ვიცოდე თუ არა ხატვა, თუკი გრაფიკოს დიზაინერობა მინდა?” - ალბათ, ეს კითხვა ერთხელ მაინც გაგჩენია, თუკი გრაფიკული დიზაინი გაინტერესებს. კითხვა ლოგიკურია, პასუხი კი მარტივი - არა, ხატვის ცოდნა აუცილებელი არ არის. 

გრაფიკული დიზაინერის საქმე ისეთი კომპოზიციების შექმნაა, რომელიც გაყიდის პროდუქტს, სერვისს ან მიიტანს კონკრეტულ მესიჯს აუდიტორიამდე. 

გრაფიკოს დიზაინერს ხატვის ცოდნა არ სჭირდება, მან ილუსტრაციების, ტიპოგრაფიისა და ფოტოების დახმარებით დიზაინი უნდა ააწყოს.

ამ ბლოგპოსტში იმ უნარებს მიმოვიხილავთ, რის გაუმჯობესებაზეც უნდა კონცენტრირდე, თუ გრაფიკოს დიზაინერობა გინდა. 

ესკიზებზე მუშაობის უნარი

როგორც გრაფიკოს დიზაინერს, კრეატივი ყოველთვის მოგეთხოვება. ესკიზებზე მუშაობა დაგეხმარება შენი შემოქმედებითი ხედვის განვითარებაში. ესკიზი უხეში მონახაზია. არაა აუცილებელი, ესკიზები პროფესიონალურად გამოიყურებოდეს, შენთვის მთავარია, ნახატის წარმოდგენა და გაცოცხლება შეგეძლოს. 

თუ ჟურნალის გარეკანზე გიწევს მუშაობა, სანამ რთულ საქმეს შეუდგები, მანამდე ესკიზების დახატვა შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. რა სად უნდა განთავსდეს, უხეშად დაგეგმავ, გუნდს წარუდგენ და დასტურის შემთხვევაში, მუშაობას დაიწყებ. 

ესკიზების დახაზვა დაგეხმარება ლოგოს შექმნაშიც. ამ შემთხვევაში დიზაინერები რამდენიმე ათეულ სხვადასხვა ესკიზს ხატავენ და შემდეგ ირჩევენ საუკეთესოს. 

მარტივად რომ ვთქვა, ესკიზები ზოგავს დროს და აუმჯობესებს შენს პროდუქტიულობას. 

ისწავლე დიზაინის ძირითადი პრინციპები

წარმატების მისაღწევად აუცილებელია, რომ დიზაინის ძირითად პრინციპებს იცნობდე. თეორიულად მათი დამახსოვრება ადვილია, ხოლო პრაქტიკულად რაც მეტს მუშაობ, მით მეტად ეცნობი და იზიარებ. 

გრაფიკული დიზაინის პრინციპებია:

მასშტაბი: ყურადღებას ამახვილებს დიზაინის ელემენტებზე, ქმნის აქცენტს. 

იერარქია: ეხმარება აუდიტორიას ნავიგაციაში. ყურადღება გადადის მნიშვნელოვანი  ელემენტებიდან ნაკლებად მნიშვნელოვან ელემენტებამდე. 

კონტრასტი: ფერებს შორის კონტრასტის შექმნით სხვადასხვა მესიჯის გამოკვეთა შეგიძლია.

მიმართულება: “Z” “L” და “Y” ფორმაში გაანაწილე შენი ელემენტები და ამგვარად აკონტროლე, საით იქნება მიმართული აუდიტორიის ყურადღება.  

ნეგატიური სივრცეები: დატოვე სივრცე ელემენტებს შორის, რომ ვიზუალი “ჩახუთულ” შთაბეჭდილებას არ გიტოვებდეს. 

გამეორება: ელემენტების გამეორება ან მონაცვლეობა მოძრაობისა და მდინარების განცდას ქმნის. 

ბალანსი: გრაფიკულ დიზაინში გვხვდება სიმეტრიული და ასიმეტრიული ბალანსი. მასზეა დამოკიდებული კომპოზიციის ელემენტები როგორ განთავსდება ვიზუალზე და რა წონა ექნება კომუნიკაციაში თითოეულ მათგანს.  

გრაფიკული დიზაინის კომპოზიციის წესებზე მეტს ჩვენი წინა ბლოგპოსტიდან გაიგებ. 

შეისწავლე საჭირო პროგრამები

დასაწყისისთვის საკმარისია, რომ Photoshop-სა და Illustrator-ში ერკვეოდე. 

Adobe Photoshop-ით შექმნი თითქმის ყველა საჭირო კონტენტს - ინფოგრაფიკებს, სხვადასხვა ტიპის პოსტერებს, ფოტომანიპულაციებს, მოქაფებს... Adobe Illustrator-ისაგან განსხვავებით, რომელიც, მეტწილად, საბეჭდი ფაილებისა და ილუსტრაციების შესაქმნელად გამოიყენება, Adobe Photoshop რასტრულ გრაფიკაზე მუშაობს. 

Adobe Illustrator ვექტორული გრაფიკის რედაქტორია, რომელიც გამოიყენება, მაგალითად, ლოგოების, დიაგრამების, ილუსტრაციებისა და მულტფილმების შესაქმნელად. მარტივად რომ ვთქვათ, ილუსტრატორში ვამუშავებთ ყველაფერს, რისი დაბეჭდვა ან ჩვენებაც შეიძლება სხვადასხვა ზომასა და ფორმატში მოგვიწიოს.

როგორც ხედავ, გრაფიკოს დიზაინერს ბევრი უნარ-ჩვევის განვითარება და თეორიული ცოდნის პრაქტიკულად დახვეწა სჭირდება. თუმცა, ხატვის ცოდნა ამ სიაში არ არის. 

თუ გრაფიკული დიზაინი გაინტერესებს, მაშინ ჩვენს კურსს გადახედე. სილაბუსი მნიშვნელოვან თეორიულ მასალას და პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს, კურსის დასრულების შემდეგ კი სრულყოფილად შეძლებ საჭირო პროგრამებში მუშაობას.